პოლონეთის საელჩო თბილისში პოლონეთის მოქალაქეებს ურჩევს, მოგზაურობამდე გაითვალისწინონ ის ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა საქართველოში შესვლაზე უარის თქმა განაპირობოს, და ხაზს უსვამს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ან მათზე დასწრება, ასევე სოციალურ მედიაში აქტივობა.
„გვსურს შეგახსენოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება, შეაფასოს უცხოელის შემოსვლის რისკ-ფაქტორები და შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელებსაც შეეხოთ“, – ნათქვამია პოლონეთის საელჩოს 29 მაისის განცხადებაში.
„ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდა სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შესაძლოა მაღალი ჯარიმები დაეკისროთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლის დროს, შესაძლოა ამ ჯარიმების დაუყონებლივ გადახდა გახდეს საჭირო“, – აცხადებს საელჩო.
უკვე არაერთი შემთხვევა მოხდა, როდესაც აქტივისტებს, უფლებადამცველებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევის დროს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელს საიმონ ვანდერბრუკს 21 მაისს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ეს ინციდენტი „ტექნიკურ ხარვეზს“ დაუკავშირა.
აპრილში „ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომლის მიზანიც იმიგრაციის კონტროლის გამკაცრება და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისკენ მიმართული სხვა ზომების მიღებაა, ხოლო დაგეგმილი ცვლილებების მიზეზად არალეგალური მიგრაციისა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური აქტივობის ზრდა სახელდება. შემოთავაზებული ცვლილებებით იცვლება ქვეყნის მიდგომა უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევებასთან დაკავშირებით და ინერგება ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების ახალი ზომები და უფრო მკაცრი ჯარიმები ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/05/2025 – RSF: ბრიტანელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
- 09/05/2025 – ბელარუსი აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს
- 20/03/2025 – ლიეტუველი უფლებადამცველი საქართველოში არ შემოუშვეს
- 31/03/2025 – ფრანგი ფოტოჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
- 23/10/2024 – ჩეხი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს