თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 2 აპრილს დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ოპოზიციური პარტიის „ლელოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს 50 000 ლარის გირაოს გადახდა დააკისრა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
„მე არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისევე როგორც მის მიერ შექმნილ კომისიას… ეს არის ჩემი ურყევი პროტესტი და ეს პროტესტი იქნება მყარი. ვერანაირი გადაწყვეტილება მე ამ რწმენას ვერ შემაცვლევინებს”, – განუცხადა ხაზარაძემ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის შემდეგ. მან არ დაადასტურა, გადაიხდის თუ არა გირაოს.
კომისიის წინაშე გამოცხადებაზე ასევე თქვა უარი „ლელოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. მასაც შესაძლოა იგივე სამართლებრივი სანქციები დაეკისროს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიას, რომელსაც თავდაპირველად 2003 წლიდან 2012 წლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სავარაუდო სისტემური დანაშაულების გამოძიება ევალებოდა, მანდატი გაუფართოვდა და ის ახლა დღემდე არსებულ პერიოდს მოიცავს. კომისიამ დღეს ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ სამი ლიდერი – ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე დაიბარა. თუმცა, არცერთი მათგანი არ აპირებს მისვლას, ვინაიდან ოპოზიციის წარმომადგენლები ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმურობას 2024 წლის სადავო არჩევნების შემდეგ არ ცნობენ და მის ნებისმიერ საქმიანობას ბოიკოტს უცხადებენ.
„ქართული ოცნება“ გეგმავს თავისი საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშის ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში წარუდგინოს და, ანგარიშის საფუძველზე, აკრძალოს ნაციონალური მოძრაობა და მისი „მემკვიდრე პარტიები“, რომელთა შორის მთავარი პროევროპული ოპოზიციური ძალები მოიაზრება.
ასევე წაიკითხეთ: