
“ძალიან საინტერესო ადგილია ეს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.
ჯერ იყო და მისმა ხელმძღვანელმა ვიკა წილოსანმა აგვიკლო თავისი ცოდნით ისე, რომ მთელი ქალაქის საცობს ერთი ავარია იწვევდა. თან ტექნოლოგიები ისე მაგრად იცოდა, რომ სატრანსპორტო პრობლემებს ვოთსაპის ჩეთში აგვარებდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მასზე უფრო ნიჭიერი მისი შვილი იყო, რომელსაც ვიღაცეები კომპანიების წილებს უთმობდნენ ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში, თან იმდენს, რომ 21 წლის ასაკში უკვე ძვირადღირებულ ვილას იშენებდა. არადა, დეკლარაციებში ვიკა სულაც არ არის მდიდარი. ეგაა, შვილი რომ მოგესწრება და ქალაქგეგმარებით კორუფციაში ფარულად ჩაგენაცვლება.
მაგრამ ვიკა რა მოსატანია, თურმე მოადგილე იმდენად უკეთესი ჰყოლია, რომ ვიკა გაუშვეს და ეს გოგო დააწინაურეს, რადგან 32 წლის ასაკში იმხელა ქონება აქვს, რომ იმსახურებს ვაფშე ყველა სამსახურს. მართალია, ისეთი მდიდარი მშობლები ჰყავს, რომ შარშანწინ ასი ათასი დოლარი აჩუქეს სესხის დასაფარად, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როცა ახალგაზრდა ჩინოვნიკი ორ ძვირადღირებულ მანქანას ყიდულობს – 2023 წელს 50 ათას დოლარად ტოიოტა იყიდა, 2024 წელს – 168 ათას დოლარად რენჯ როვერ სპორტი. Self-made woman, რა.
საინტერესო ისაა, რომ ამ გოგოს ბიოგრაფიას ვერსად ვერ ვპოულობ. ლინკდინის მიხედვით, პირდაპირ ვიკას მოადგილედ დანიშნულა შარშან. ბაკალავრის დიპლომი ვებსტერის ვენის უნივერსიტეტში აქვს მიღებული და მაგისტრის – ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ორივე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. და აბსოლუტურად არანაირი გამოცდილება არ უჩანს სამოქალაქო ან ტრანსპორტის ინჟინერიის, სივრცითი ანალიზის, არქიტექტურის ან ურბანული დაგეგმარების მიმართულებით. ამხელა კვალიფიკაციისთვის და გაქანებისთვის ძალიან პატარა ხელფასი აქვს – 5000 ლარი თვეში.
მოკლედ, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაში ნინოს ასწავლეს, რომ ახალი მშენებლობა საცობებს არ ქმნის. რომ 70 სართულიან შენობას ქალაქის ცენტრში არც მანქანიანი მაცხოვრებლები ჰყავს, არც მაღაზიები, რომელთანაც დისტრიბუციის მანქანები მოდიან, არც ნაგვის მანქანა ემსახურება. არადა, ცოტა შეწუხდა რა ნინო – გამოვა სამსახურიდან ერთი მანქანით, უნდა რომ რესტორანში სხვა მანქანით წავიდეს და მთელი დრო გზაში ეკარგება. ამიტომ განაცხადა:
– თუ შეიძლება, ღარიბო მოსახლეობავ, ჩამობრძანდით მანქანებიდან და აბრძანდით გაჭედილ ავტობუსებში, რომ ცოტა თავისუფლად ვიაროთ რენჯ როვერიანმა ხალხმა, ვერ გავიგე, გარაჟში დასაყენებლად მივახეთქე ამდენი ფული? და ეს მშენებლობები რომ დაგიჩემებიათ, უტვინოები ხართ? ახალ მშენებლობებზე თუ არ გავეცით ნებართვები, ფულები საიდან ვიშოვოთ, თუ გინდათ, რომ თქვენნაირი ღარიბი დავრჩე?” – წერს სოციალურ ქსელში “ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.
შეგახსენებთ – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნინო ბაგაშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ისახავს საცობების შემცირებას და მანქანაზე დამოკიდებულების შემცირებას.
” როგორც უკვე აღვნიშნე, საცობებს ქმნის ბევრი მანქანა არა მშენებლობები. შესაბამისად, ქალაქის ცენტრის შემჭიდროვება პირიქით არის იმის პირობა, რომ საცობები შემცირდეს, რადგან ისეთი ადგილების განვითარება სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარებულია უკვე მაღალი ხარისხის მომსახურებაა და კიდევ პერსპექტივაში კიდევ უფრო განვითარდება” – აცხადებს ნინო ბაგაშვილი.