
ბლოგერი, დათო აბზიანიძე:
ქოციანობის ბოლო ჟამს მივხვდი, თუ რა მეზიზღება ადამიანში ყველაზე მეტად – ფსევდომორალიზმი, უფრო ზუსტად კი ფარისებლობა.
ზოგიერთი შუაშისტი და მედროვე თურმე 2025 წლის აგვისტოს სიცხეში მიხვდა, რომ ისეთი ძლიერი და აუცილებელი ემოციები, რომელიც ევოლუციურად თავდაცვისთვისაა საჭირო – ზიზღი და ბრაზი – საერთოდ დაბლოკონ და არ იგრძნონ, რადგან ამით თურმე „მტერს ემსგავსებიან“, და შენც ამ პრაქტიკისკენ მოგიწოდებენ. და ეს მტერი ვინაა, ვისაც არ ემსგავსებიან ეს ფერადი ჰიპები? ყველა და ყველაფერი, ქოციც და ნაციც, რუსეთიც და ამერიკაც, ისრები მოშლილია, მტერი და მოყვარე ერთ სიბრტყეზეა მათი ვერა-ვაკული “პოსტმოდერნიზმის” მიხედვით.
მერე ცოტას ჩამოსქროლავ მათ ფოტოებს და იოგას ინსტრუქტორთან ერთად სხედან ხალიჩებზე და მედიტაციით სხეულში ემოციების გადათამაშებას სწავლობენ. ოღონდ ამ ემოციებში ზიზღსა და ბრაზს არ იკარებენ, რადგან ეგ ხო ბოროტებაა, ეგ როგორ უნდა აკადრო საკუთარ თავს, როცა მტერი ყოველდღე გცემს, გაწამებს, გატუსაღებს, ფსიქიატრიულში გიშვებს და სამშობლოს გართმევს, როგორ უნდა იყო „ბოროტი“?! უნდა ადგე და ნაცემზე „ცეცხლი ოლიგარქიას“ იყვირო, ოღონდ „იერუსალიმის“ დააყოლო ბოლოში, რათა მართლა არავინ შემოგეწვას შემთხვევით ბოროტულად.
კიდევ ჩამოსქროლავ და იპოვი, თუ როგორ ღელავს პალესტინაზე, მაგრამ ვერსად ნახავ აფხაზეთზე სამგლოვიარო ჟანრის პოსტებს. შეგხვდება ჭიათურელი მაღაროელების 13-წლიანი დაუსრულებელი ფეტიში, მაგრამ არსად იქნება რეჟიმის მიერ დატყვევებული მშრომელი პატრიოტი ახალგაზრდები. იქნება დარდი ნამახვანჰესზე, პლასტმასის საწრუპებით დაბინძურებული შავი ზღვის დელფინების მომნელებელ სისტემაზე, 2%-იანი რეიტინგის საბჭოთა ჩამყაყებულ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და მრავალი სტანდარტული ბანძი კოქტეილი ფსევდომორალურობისა, რომლის ამოცნობაში უკვე შემიძლია ავსტრიული სკოლის ფსიქოანალიზის სადოქტორო დავიცვა.
და ბოლოს, როცა უკვე სქროლვისგან იღლები და ლამისაა გაუშვა, მათ კედლებზე იპოვი ცოცხს. დიახ, ცოცხს! 2012 წელს როგორ დგას აქციაზე ბაზრის ყვითელი ცოცხით ხელში, არტისტულად, ფერადი კაბით, ბოროტებისგან დაცლილი და ნუკრის თვალებით. ეგრევე მიხვდები, რომ ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა პოლიტიკაზე სასაუბროდ და თანამოქალაქეების საბულინგოდ. მიხვდები, რომ ხარებას სპეცრაზმელებთან ერთად ყაზბეგის მთებში პილატესისა და იოგას კეთებას საერთოდ არაფერი ჯობია…