
მთავრობის ერთგული NGO-ებიც კი USAID-ის დაფინანსების გარეშე დარჩნენ. როგორც ჩანს, „ოცნება“ მათ წინაშე ვალშია – თამთა მიქელაძე „გრანტების შესახებ“ კანონზე
„ქართულმა ოცნებამ“ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი III მოსმენით მიიღო. ცვლილების თანახმად, მარტიდან შეიქმნება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო.
სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ახალ კანონს ერთი მიზანი აქვს და ეს „გონგოების“, ანუ სახელმწიფოს მიერ მართული NGO-ების ჩამოყალიბებაა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდში შეძენილი ულტრა-მემარჯვენე იდოლოგიის გავრცელებას, სწორედ ამ გზით შეეცდება. როგორც ის „კომერსანტთან“ განმარტავს, მმართველი გუნდი ცდილობს, რომ დემოკრატიისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ილუზია შექმნას.
„არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნიკალური სოლიდარობა აჩვენებს ერთმანეთის მიმართ და მათი უდიდესი ნაწილი „აგენტად“ არ დარეგისტრირდა. ახლა, როცა „ოცნება“ სრულად დაუბალანსებელი ძალა გახდა, მას მოჩვენებითი სივრცეების შექმნა სჭირდება, რომელიც დემოკრატიის იმიტაცია იქნება. ამიტომაც, ცდილობს მის მიერვე დაფინანსებული ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოებად წარმოაჩინოს და სავარაუდოდ, მათთან ერთად რაღაც ტიპის საკონსტიტუციო პლატფორმები შექმნას.
ამავდროულად, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება ბოლო წლებში შეძენილი, კოპირებული იდეოლოგიის გავრცელება საზოგადოებაში. ვგულისხმობ ნეო-კონსერვატორულ, ულტრამემარჯვენე იდეებს, რომლებსაც აქამდე „პატრიოტთა ალიანსი“ და „ალტ-ინფო“ ავრცელებდა, დღეს ის „ოცნების“ ოფიციალური დისკუსია და როგორც ჩანს, მათ საკუთარი საცეცები სჭირდებათ, რომლებიც „ოცნების“ იდოლოგიის გასავრცელებლად იმუშავებენ.
ამ გადაწყვეტილებას უფრო მეტად პოლიტიკური ახსნა აქვს, ვიდრე ეკონომიკური. ავტორიტარული რეჟიმი „გონგოების“, ანუ სახელმწიფოს მიერ მართული NGO სექტორის მშენებლობას ცდილობს და იმ ილუზიის შექმნას, რომ სამოქალაქო საზოგადოება არსებობს და ის მთავრობასთან რაღაც კომუნიკაციაშია“,- აღნიშნა მიქელაძემ.
საპარლამენტო მდივნის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტით გრანტის გაცემის უფლება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მიენიჭება, რომლის წესდების მიზანი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა იქნება. საჯარო სამართლის იურიდიული პირის 2024 წლის ბიუჯეტი 20 მლნ ლარი იქნება. სსიპ-ის მიზანი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა, რომელთა “საქმიანობის მიმართულებები თანხვედრაში იქნება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებთან”.
თამთა მელიქიძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მთავრობის მიერ სამოქალაქო სექტორის დაფინანსება, ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა. თუმცა, დასავლეთში ასეთ ორგანიზაციებს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი აქვთ, ხოლო ავტორიტარიზმში- მთავრობის პროპაგანდის გამავრცელებელია.
მელიქიძე ასევე ფიქრობს, რომ დაფინანსების საფუძველი, შესაძლოა „ოცნებისადმი“ კეთილგანწყობილი NGO ორგანიზაციები უგრანტოდ დარჩენაც იყოს.
„სახელმწიფოები, სამოქალაქო ორგანიზაციებს აფინანსებენ, მაგალითად, სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს, მაგრამ ავტორიტარიზმი ასეთ რესურსს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
არა ერთი სახელმწიფო აფინანსებს NGO ორგანიზაციას, მაგრამ როგორც წესი, ეს ფონდები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან და არსებობს მთავრობის ჩაურევლობის ინსტიტუციური გარანტიებიც.
იმ ფონზე, როდესაც USAID-ის დაფინანსება შეჩერდა და ზოგიერთი მიმართულებით შეწყდა, მთავრობისადმი ტრადიციულად ერთგულებით გამორჩეული ორგანიზაციებიც კი დაფინანსების გარეშე დარჩნენ, როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ მათ წინაშეცაა ვალში, რომ რაღაც ტიპის ეკონომიკური რესურსები გასცეს“,- თქვა თამთა მიქელაძემ კომერსანტთან ინტერვიუში.