"მესამე შვილი გავაჩინე, სამშობიაროდან რომ უნდა გამოვსულიყავი, უფროსს იმ დღეს დაარტყა დენმა... მამაო, მიხარია და რა, არ ვიცი" - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის პასუხი დედას

Primetime.ge 1 დღე წინ 6
"მესამე შვილი გავაჩინე, სამშობიაროდან რომ უნდა გამოვსულიყავი, უფროსს იმ დღეს დაარტყა დენმა... მამაო, მიხარია და რა, არ ვიცი" - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის პასუხი დედას
მოსმენილი გექნებათ დეკანოზ თეოდორე გიგნაძის სულისთვის სასარგებლო ლექციები, რომელიც ხშირად კითხვა-პასუხის რეჟიმშიც იწერება. დეკანოზს კითხვა დაუსვა შვილმკვდარმა დედამ."მამაო, უცნაურად მოხდა ეს ყველაფერი. ჩემი უფროსი, ხუთი წლის შვილი მაშინ გარდაიცვალა, როცა მე მესამე შვილი შემეძინა. სამშობიაროდან რომ უნდა გამოვსულიყავი, უფროსს იმ დღეს დაარტყა დენმა. სიხარული და ტკივილი ერთ დღეს რატომ მეწვია? მანამდე არა ეკლესიურად ვცხოვრობდი. მას შემდეგ მოძღვარი მყავს, აღმსარებელი ვარ. სულ სხვანაირად ვცხოვრობ. მამაო, კიდევ ერთი კითხვა მაქვს: მიხარია და რა მიხარია არ ვიცი, ეს კითხვა არ მასვენებს. გული სავსე მაქვს. ასე არასდროს ვყოფილვარ. ნინის შემდეგ სავსე და თბილი გული დამაქვს. მგონია, რომ ჩემი შვილი სულ ჩემს ირგვლივ არის, უბრალოდ, მე ვერ ვხედავ. იქნებ განმიმარტოთ, ბოროტისგან არის თუ რისგან მოდის ეს სიხარული?" დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: რა გითხრათ. ვიზიარებ თქვენს ამ ტკივილს. ასეთ დროს საუბარი და ნებისმიერი მცდელობა განმარტებისა, უადგილოდ მეჩვენება. ვინც ამაზე რამე იცის, იცის გამოცდილებით. ამ შემთხვევაში თქვენ გაცილებით მეტი იცით, ვიდრე სხვამ.ადამიანის მოსვლაც და წასვლაც დიდი საიდუმლოებაა. ღმერთს მოჰყავს და მიჰყავს. რატომ მოჰყავს ამ დროს და მიჰყავს იმ დროს, ამის გაგების უნარი არ გვაქვს. რატომ გაქვთ ასეთი ჯვარი, ერთის მხრივ პასუხგაუცემელია, მაგრამ ნახეთ, პასუხს თქვენ თვითონვე იძლევით. თქვენ მართალი იობივით, ტრაგედიის შემდეგ, ღმერთი დაინახეთ. ამ საქმეში ღმერთი და თქვენი შვილი გეხმარებათ, რომელიც თქვენს წინამორბედად შევიდა ზეციური მამის წიაღში და გზა გაგიკვალათ. თქვენ სულით უკვე ღმერთთან ხართ. თქვენ ღმერთი დაინახეთ და ის სიხარული, რომელიც გაქვთ, ეს არ არის ერთი შემთხვევა. ბევრი შემთხვევაა, როდესაც ტრაგედიის შემდეგ ამგვარ სიხარულს ატარებენ დედები გაცოცხლებული რწმენით სავსე გულებში. რაც უფრო მალე დაინახავს ადამიანი, რომ ღმერთის გარეშე ყველაფერი უაზრობაა და მთელი არსებით შეუდგება ქრისტეს, მით უფრო მალე ბედნიერდება. თქვენ ამაში შვილი დაგეხმარათ. ღმერთი რომ არ იყოს და ადამიანი რომ უკვდავი არ იყოს, თქვენ ასეთი სიხარული არ გექნებოდათ. ამ სიხარულის მიზეზი არის ის, რომ არის ღმერთი, თქვენ უკვდავი ხართ და თქვენი წასული შვილი ცოცხალია. ასე შეიძლება თქვენი სიხარულის ახსნა, რომელიც არა ამქვეყნიურია. ამ ქვეყნიურად გტკივათ, ეს სიხარული კი იმქვეყნიურია, სადაც ჩვენ ყველანი წავალთ. ღმერთმა გაგაძლიეროთ.
სრულად წაიკითხეთ სტატია