
გერმანია მოქალაქეობის მინიჭების მიდგომას გადახედავს და მიგრაციაზე კონტროლს გაამკაცრებს. ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) თავმჯდომარემ და ქვეყნის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბრიფინგზე განაცხადა.
მას იმ პროცედურის შეცვლა სურს, რომელიც ქვეყანაში გასული წლიდან ამოქმედდა. კერძოდ, უცხოელებს გერმანიის მოქალაქეობის მიღება უკვე სამი წლის შემდეგ შეუძლიათ, თუ ინტეგრაციაში, მაგალითად, კარიერაში ან განათლებაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევენ. გამარტივებული ნატურალიზაციის პროცედურა, ასევე, გერმანიის მოქალაქეების მეუღლეებზე ვრცელდება: ქვეყანაში სამი წლის ცხოვრების შემდეგ მათ მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის შეტანა შეუძლიათ, თუ, მინიმუმ, ორი წლის განმავლობაში იმყოფებიან ქორწინებაში. თუმცა უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეობის მისაღებად გერმანიაში, მინიმუმ, ხუთი წლით ცხოვრება არის საჭირო.
„ჩვენ შევცვლით მოქალაქეობის შესახებ კანონს და სამწლიანი ვადის შემდეგ ე.წ. ტურბონატურალიზაცია აღარ განხორციელდება,“ – ხაზგასმით ამბობს მერცი.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი ადრე არაერთხელ აკრიტიკებდა „დაჩქარებულ ნატურალიზაციას“ და პირობას დებდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში წესებს გადახედავდა.
ფრიდრიხ მერცმა, ასევე, მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება დააანონსა. მისი თქმით, გერმანიის ხელისუფლება „არალეგალურ მიგრაციას ბოლოს მოუღებს.“ კერძოდ, სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდება და თავშესაფრის მაძიებლებისთვის ქვეყანაში შესვლა აიკრძალება.
CDU/CSU, ასევე, არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის, ლტოლვილთა ნებაყოფლობითი მიღების შეწყვეტისა და ოჯახების გაერთიანების პროგრამის დროებით შეჩერების მიზნით ფართომასშტაბიან კამპანიას დაიწყებს.
ამასთან, გერმანიის მიერ უსაფრთხოდ აღიარებული ქვეყნების სია გაფართოვდება.
მიმდინარე კვირას გერმანიის ხელისუფლებამ განსაკუთრებულ დაცვის საჭიროების მქონე პირთა განსახლება შეწყვიტა, რასაც ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის (UNHCR) პროგრამა ითვალისწინებდა. გამონაკლისი მხოლოდ იმ პირებისთვის დაიშვება, რომელთა მიღების პროცედურაც დასკვნით ეტაპზეა. UNHCR-ის პროგრამა თავშესაფრის მქონე ლტოლვილებს მესამე ქვეყანაში შესვლის საშუალებას აძლევს. მასპინძელ სახელმწიფოს უფლება აქვს, დამოუკიდებლად განსაზღვროს ხალხის რაოდენობა და ქვეყნები, საიდანაც ისინი ჩადიან. 2024 და 2025 წლებში გერმანიამ 13.100 ლტოლვილის მიღების ვალდებულება აიღო. დღეისთვის ამ კვოტით ქვეყანაში 5.061 ადამიანი არის შესული. მათ შორის არიან რუსეთთან ომს გაქცეული უკრაინელები და სირიის მოქალაქეები, რომელთა განსახლებაზეც ევროკავშირი და თურქეთი ჯერ კიდევ 2016 წელს შეთანხმდნენ.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ სულ 37.787 განაცხადი შევიდა, რაც, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 41%-ით ნაკლებია. ყველაზე ხშირად გერმანიაში თავშესაფარს სირიის (24%), ავღანეთის (16%) და თურქეთის (11%) მოქალაქეები ითხოვდნენ. საერთო ჯამში, ევროკავშირში ლტოლვილის სტატუსის მიღებაზე ყველაზე მეტი განაცხადი ვენესუელის მოქალაქეებისგან შედის, რომელთა რაოდენობამაც 25.375 ადამიანი შეადგინა. წლის განმავლობაში მათი განცხადების რაოდენობა 44%-ით გაიზარდა.
www.bpn.ge