მედიის ადვოკატირების კოალიცია ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმას გმობს

Civil Georgia 1 თვე წინ 23
მედიის ადვოკატირების კოალიცია ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმას გმობს

მედიის ადვოკატირების კოალიციამ დაგმო 15 მარტის თავდასხმა გამოცემა „მთის ამბების“ მთავარ რედაქტორზე გელა მთივლიშვილზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს შემზარავი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მედიის წარმომადგენლები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობენ“. 16 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა მთივლიშვილსა და „ყველა ჟურნალისტს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთ მოვალეობას საზოგადოების ინფორმირებისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში, მუქარისა და თავდასხმების მიუხედავად“.

გამოცემა „მთის ამბების“ მთავარმა რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა ერთი დღით ადრე დაწერა, რომ მას შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი სოფელ წეროვნის მიმდებარედ, გზატკეცილზე თავს დაესხა. მისი თქმით, იგი თბილისში ბრუნდებოდა, როცა მის მანქანას თეთრი პიკაპი დაედევნა. მან მანქანის სანომრე ნიშნებიც მიუთითა.

ვინაიდან პიკაპი ავარიულ სიტუაციას ქმნიდა, მთივლიშვილის თქმით, მას მანქანის გაჩერება მოუწია. მან ასევე განაცხადა, რომ პიკაპიდან შსს-ს შეიარაღებული თანამშრომელი და მისი თანამგზავრი გადმოვიდნენ, ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ მას. „როდესაც ინციდენტის გადაღება ვცადე, ის თავს დამესხა, სამჯერ დამარტყა და ტელეფონის წართმევას ცდილობდა. თავდასხმის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გადაიღეს“, – აღნიშნა მთივლიშვილმა.

ვიდეო კადრებში ჩანს, როგორ გადმოდის შავებში ჩაცმული შეიარაღებული პირი მანქანიდან, ლანძღავს და ემუქრება მთივლიშვილს, ასევე შეურაცხყოფას აყენებს ყველას, ვისაც „ხარება“ [ზვიად ხარაზიშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი] არ მოსწონს. მთივლიშვილის თქმით, შსს-ს თანამშშრომელმა თვითმხილველებს გადაღებული კადრების წაშლა მოსთხოვა.

კოალიციამ თავის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ, „დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის არსებული ისედაც რთული მდგომარეობა,  კიდევ უფრო დამძიმდა“. ორგანიზაციამ „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობის მუდმივ გამოყენებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „რეჟიმთან დაკავშირებული უკანონო ფორმირებების მონაწილეობის ასზე მეტი ინციდენტი მოხდა მედიის წინააღმდეგ“. ამ კონტექსტში, ორგანიზაციამ „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მისი საქმე „ნათლად მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის დამოკიდებულებას მედიის თავისუფლებისადმი“.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ეს არ იყო პირველი თავდასხმა „მთის ამბების“ რედაქტორზე და ის მთივლიშვილის პროფესიულ საქმიანობას დაუკავშშირა. „მაღალი ჟურნალისტური სტანდარტით მომზადებულმა მისმა გამოძიებებმა არაერთი კორუფციის შემთხვევა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი გამოავლინა“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

მთივლიშვილი „ქართული ოცნებას“ მწვავედ აკრიტიკებს. ის მმართველი პარტიის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც 2023 წლის აგვისტოს შოვის მეწყერზე ხელისუფლების რეაგირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მასალა მოამზადა. „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მის დასკვნებს ტყუილი და „დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი“ უწოდა. პაპუაშვილმა ასევე ეჭვქვეშ დააყენა მთივლიშვილის ნომინირება 2023 წლის ევროკავშირის პრიზზე ჟურნალისტიკაში და გამარჯვებულების შერჩევაში მონაწილე ჟიურის წევრების ვინაობების დადგენა მოითხოვა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია