
მხატვარი და პუბლიცისტი, მაია ორჯონიკიძე:
ჩემთვის ე.წ. მულტიკულტურალიზმის ერთადერთი მისაღები ფორმა განიხილება სახელმწიფო ნაციონალიზმის კონცეპტის ფარგლებში, როდესაც სახელმწიფოში ისტორიულად მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფებს აქვთ ერთიანი სახელმწიფოს განცდა და ასეთ დროს ნამდვილად არა აქვს მნიშვნელობა მათ ეთნიკურ იდენტობას, რათგან ეს ერთობლიობა ქმნის პოლიტიკურ ნაციას, რომლის ფარგლებში მნიშვნელობა არა აქვს ეთნიკურად ქართველი ხარ, სომეხი, ოსი, ებრაელი თუ აზრბაიჯანელი-იმ შემთხვევაში თუ ეს ჯგუფები საქართველოს პატრიოტები არიან.
ასეთი მულტიკულტურალიზმი პირიქით, სახელმწიფოს ამდიდრებს მასში შემავალი ეთნოსების კულტურული მრავალფეროვნებით. ჩემი გაგებით, სწორედ ასეთი იყო დავით აღმაშენებლის დროინდელი საქართველო-ერთიანი, ძლიერი და იმავდროულად მრავალფეროვანი. პოლიტიკურ ნაციად ჩვენს თვალწინ შედგა უკრაინა, რომლის პრეზიდენტის ებრაული წარმომავლობა უკრაინის სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პარადიგმაში სრულიად ბუნებრივად ჩაიწერა.
და სულ სხვა საკითხია თანამედროვე მემარცხენე მულტიკულტურალიზმის პრაქტიკა-როდესაც სრულიად უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელთა დიდი მასები მიგრირებენ ევროპის ქვეყნებში და როგორც ბოლო ათწლეულების გამოცდილებამ გვაჩვენა-ეს მასები დასავლეთის ქვეყნებში არათუ არ ასიმილირდებიან და ერთგვარ ეთნო-ჰერმეტულ კაფსულებში არსებობენ, არამედ ხშირად მასპინძელი ქვეყნის მკვიდრ მოსახლეობაზე საკუთარი ტრადიციების, რელიგიის თუ წეს-ჩვეულებების აგრესიული ფორმით თავს მოხვევასაც ცდილობენ, რაც საშუალო და შორ პერსპექტივაში თავად ქრისტიანული ცივილიზაციის ქვეყნებს საფრთხეს უქადის, რადგან ერთია ცივილიზაციათა მშვიდობიანი ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲣᲚᲘ თანაარსებობა და მეორეა გარედან შემოსული ცივილიზაციის, უმცირესობის დიქტატის სურვილი მასპინძელ ქვეყანაში. საგულისხმოა ისიც, რომ იმ ქვეყნებში, საიდანაც ეს უმცირესობაა გამოსული-პირიქითა სიტუაცია წარმოუდგენელია, როგორც წესი, აღმოსავლეთის მუსულმანური აღმსარებლობის ქვეყნების უმრავლესობაში ფრანგ ან პოლონელ ქალს არავინ მისცემს უფლებას ისე ჩაცმულმა გაიაროს, როგორც პარიზისა და ვარშავის ქუჩებში-დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით ეს ცივილიზაცია მკაცრად იცავს თავის ნორმებსა და კანონებს. ამიტომ ცივილიზაციათა მექანიკური აღრევა, რაც ბოლო სამი ათწლეულია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მემარცხენე იდეოლოგიამ მოიტანა-ევროპისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ეს მოსაზრება არც ახალია და არც ორიგინალური.
ამ ფონზე დღევანდელ საქართველოში, რომელსაც არც დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკური სიძლიერე აქვს, არც მისი დემოგრაფია და პოლიტიკურ-ეკონომიკურ მიზეზთა გამო ქვეყნიდან ქართველთა მასობრივი გადინებაც მიმდინარეობს-იქამდე ისედაც რთული დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფული გახდა, რაც ახლო მომავალში ქვეყანას სრული განადგურებით ემუქრება.
ამ უმძიმეს ვითარებაში რუსულმა რეჟიმმა არ იკმარა და ავღანეთთან, პაკისტანთან და სხვა მსგავს ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი შემოიღო… აღარაფერს ვამბობ რუსებისთვის, არაბებისთვის, ირანელებისთვის ქართული მიწების მასობრივ დაკანონებაზე… ის, რასაც ივანაშვილის რუსული რეჟიმი სჩადის-უამრავ სხვა დანაშაულთან ერთად უმძიმესი სახელმწიფო დანაშაულია, რომელსაც ის სრულიად შეგნებულად და მიზანმიმართულად ახორციელებს მისი უფროსის, ვლადიმერ პუტინის დავალებით.
თითოეული ჩვენგანის ვალია ამ ბოროტებას მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ და ეს რეჟიმი ქვეყნის მართვას სამუდამოდ ჩამოვაშოროთ.