მათ ოჯახური ბედნიერებისა და ავადმყოფი ბავშვების განკურნებისთვის ევედრებიან - დღეს წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეა

Primetime.ge 5 საათი წინ 10
მათ ოჯახური ბედნიერებისა და ავადმყოფი ბავშვების განკურნებისთვის ევედრებიან - დღეს წმიდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ხსენების დღეა
28 ივლისს ( ძვ. სტ. 15 ივლისს) მართმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდა მოწამეთა კვირიკესი და ივლიტასი.წმიდა მოწამენი, კვირიკე და ივლიტა, მცირე აზიის ქ. იკონიაში (ლიკაონის მხარე) ცხოვრობდნენ. წმიდა ივლიტა, წარმოშობით, კეთილშობილი ოჯახიდან იყო. იგი ადრე დაქვრივდა და თავის 3 წლის ბავშვს, კვირიკეს, მარტო ზრდიდა. ივლიტა ქრისტიანი იყო. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნა რომ დაიწყო, ივლიტა, ყრმა კვირიკესთან და 2 ერთგულ მონა ქალთან ერთად, ქალაქიდან წავიდა, დატოვა რა თავისი სახლი, ქონება და მონები.მათხოვრის სახით, იგი, თავდაპირველად, სელევკიაში იმალებოდა, შემდეგ კი - ტორსში. დაახლოებით 305 წელს წმიდა ივლიტა იცნეს, შეიპყრეს და მმართველ ალექსანდრეს სამსჯავროზე წარადგინეს. უფლის მიერ მხნეობამიცემული ივლიტა უშიშრად პასუხობდა მსაჯულთა კითხვებს და თავის სარწმუნოებას მტკიცედ აღიარებდა. მმართველმა ბრძანა, წმინდანი კეტებით ეცემათ. წამების დროს წმიდა ივლიტა იმეორებდა: ”მე ქრისტიანი ვარ და არ შევწირავ მსხვერპლს ეშმაკებს.”პატარა კვირიკე ტიროდა, დედის ტანჯვას რომ უყურებდა და მისკენ მიიწევდა. მმართველი ალექსანდრე ცდილობდა, მოფერებოდა პატარას, მაგრამ იგი გაურბოდა მას და ყვიროდა: ”გამიშვით დედასთან, მე ქრისტიანი ვარ”. მმართველმა ბავშვი ფიცარნაგის სიმაღლიდან ქვის საფეხურებზე ისროლა. ბიჭუნა საფეხურებზე ჩაგორდა და სული განუტევა. დედამ, იხილა რა თავისი დასისხლიანებული შვილი, მადლობა შესწირა უფალს, რომ მან ღირს-ყო პატარა, მოწამის გვირგვინით შეემკო თავი. მრავალი სასტიკი წამების შემდეგ, წმიდა ივლიტას ხმლით თავი მოჰკვეთეს.კვირიკესა და ივლიტას წმიდა ნაწილები წმიდა მოციქულთასწორი მეფის, კონსტანტინეს (+337, ხს. 21 მაისს), დროს იქნა მოპოვებული. მათ სახელზე კონსტანტინეპოლში აიგო მონასტერი, იერუსალიმის მახლობლად კი - ტაძარი. ხალხის რწმენით, წმიდა კვირიკესა და ივლიტას ევედრებიან ოჯახური ბედნიერებისა და ავადმყოფი ბავშვების განკურნებისთვის.ტროპარი: მოწამეთა შენთა, უფალო, კვირიკე და ივლიტამ ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ მიერ ძალი და მძლავრი დაამხუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი. ამინ.კონდაკი: მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კვირიკე ივლიტას და განხმობილნი სტადიონსა შინა ხმობდა სიხარულით: ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა.
სრულად წაიკითხეთ სტატია