ლევან მაჭავარიანი ჯო უილსონზე: ის არის ჩვეულებრივი ლობისტი. ის ერთი ერთში იმეორებს იმ ნარატივსა და მესიჯ-ბოქსს, რასაც იმეორებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“

Primetime.ge 16 საათი წინ 5
ლევან მაჭავარიანი ჯო უილსონზე: ის არის ჩვეულებრივი ლობისტი. ის ერთი ერთში იმეორებს იმ ნარატივსა და მესიჯ-ბოქსს, რასაც იმეორებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“
ის არის ჩვეულებრივი ლობისტი. ის ერთი-ერთში იმეორებს იმ ნარატივსა და მესიჯ-ბოქსს, რასაც იმეორებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კონგრესმენ ჯო უილსონის შესახებ, რომელმაც დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას კოლეგებს მოუწოდა, მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში.დღევანდელი სესიის, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმებზე საქართველოს თემაზე გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ეს უკვე ნაცნობი სცენარია.„ამისთვის თვითონ ევროპარლამენტიც ძალიან კარგი მაგალითია, თუ არ ვცდები, რიგით მეექვსე რეზოლუცია როდესაც მიიღეს, სადაც რაღაც აბსურდულ თემებს წერენ ისევ, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ. ბოლო რეზოლუციაში აღმოჩნდა, თურმე მიიჩნევენ, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის ისევ საქართველოს პრეზიდენტი. იგივე წარმატებით შეუძლიათ, ჩაწერონ, რომ მაგალითად, ადეიშვილი არის საქართველოს იუსტიციის მინისტრი.ევროპის საბჭოს ფორმატში ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება ცნეს, რა თქმა უნდა, მოჰყვა რამდენიმე პირობა, რაც პირდაპირ წითელი ხაზი იყო და ჩვენ განვაცხადეთ ამის შესახებ, ეს დახურულ შეხვედრებზეც იყო გაცხადებული დელეგაციის ხელმძღვანელის, ქალბატონი თეა წულუკიანის მხრიდან, რომ ახალი არჩევნების ჩატარება ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი იყო. დღემდე ვერავინ ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არის გაყალბებული.ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს არავინ უყურებს, სამწუხაროდ, სადაც წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე და ყველა სუბიექტს ჰქონდა იმის საშუალება, რომ თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია. ეს ყველაფერი არის საკმარისი იმისთვის, რომ არჩევნები ჩათვალო ლეგიტიმურად. ამასთანავე, ის ბრალდებები, რაღაც 350 000 ხმის გაყალბება, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, რუსული სპეცსამსახურების ჩარევა და ასე შემდეგ, ეს სისულელეები არაფერი მოხვედრილა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.ჯო უილსონის გამოსვლაზე საუბრისას კი ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ უილსონს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ღირსეულად უპასუხა.„ბატონი უილსონი, ისევე, როგორც ბატონი როთი ოპოზიციისთვის არის ისეთი ფიგურა, რომელიც თითქოსდა საქართველოზე არის შეყვარებული. სხვათა შორის, ბატონ როთთან დაკავშირებით ჩვენს ოპოზიციას გული უნდა დავწყვიტო, ორი დღის წინ უწოდა მას გერმანიის კანცლერმა ისეთი სიტყვები, რომელსაც მე პირდაპირ ეთერში ვერ გავიმეორებ.იგივე ჟანრის ფიგურაა ბატონი უილსონი, რომელიც არის ჩვეულებრივი ლობისტი. ის ერთი-ერთში იმეორებს იმ ნარატივსა და მესიჯ-ბოქსს, რასაც იმეორებს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა.. შემდეგ მასზე კიდევ გამჟღავნდა, რომ თურმე, თავისი ოფიციალური ვებგვერდით ვაჭრობდა ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთებით, დროშებს ყიდის და ასე შემდეგ. ადამიანი ასაკში, ეტყობა, პენსიაზე აპირებს გასვლას და უნდა, რომ რაღაც კეთილდღეობით გავიდეს პენსიაზე”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.მისი შეფასებით, ახალი არჩევნების ჩატარებას ყოველგვარი მტკიცებულებების, ფაქტების, არგუმენტების გარეშე ითხოვენ.„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის მიუღებელი. არანაირი ახალი არჩევნები არ ჩატარდება. კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა არის 2028 წელი და მაშინ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ასევე კონსტიტუციით განსაზღვრული ვადა არის წლევანდელი ოქტომბერი, როდესაც უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები და და ვურჩევდი ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას, რომ უკვე მზადება დაიწყონ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ვინაიდან დამარცხდებიან იგივე გამანადგურებელი ანგარიშით, როგორც დამარცხდნენ საპარლამენტო არჩევნების დროს”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია