რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს „ურთიერთობების ნორმალიზებაში“ დაეხმაროს, თუ ისინი „დაინტერესდებიან“. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან შეაქო საქართველოს ხელისუფლება „წარსულის მიმართ გულახდილობისთვის“. ლავროვს მხედველობაში ჰქონდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადება ოსებისთვის ბოდიშის მოხდის თაობაზე 2008 წლის ომის გამო, რაც მან „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ ხელისუფლებას დააბრალა და არა რუსეთს.
„ისინი [აფხაზეთი და ცხინვალი] საქართველოს მეზობლები არიან, იქ რაღაც სახის კონტაქტები მაინც გარდაუვალია“, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა: „თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმების უზრუნველყოფა… ჩვენ მზად ვიქნებით დავეხმაროთ“. ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება სწორედ ის საკითხია, რომელსაც რუსეთი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ინტენსიურად აყენებს. ასეთი შეთანხმება აფხაზეთსა და ცხინვალს კონფლიქტის მხარეებად და, შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად აღიარებდა.
ლავროვის განცხადებას წინ უძღოდ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესია, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სესიაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას რუსეთი საერთოდ არ ახსენა. წინასაარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ ღიად ადანაშაულებს ყოფილ ხელისუფლებას და მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აგვისტოს ომის დაწყებაში და არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების აკრძალვით იმუქრება.
მანამდე ივანიშვილის ბოდიშს ასევე გამოეხმაურა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა, რომ მომავალში თბილისიდან კონკრეტულ „პრაქტიკულ ნაბიჯებს“ ელის და ლავროვის მსგავსად ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ვალდებულებას ახსენებს.
ასევე წაიკითხეთ: