ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ დაარსებული ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ 5 სექტემბერს განაცხადა, რომ იგი პარტიას ტოვებს და დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას.
აქუბარდია იმ 12 ოპოზიციონერ დეპუტატს შორის იყო, რომელთაც ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მანდატები 2 ივლისის საპარლამენტო სხდომაზე შეუწყდათ.
„ბუნებრივია რეჟიმის მიერ ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსის ამოტრიალების და მასობრივი რეპრესიების ფონზე ვიყავი და ვრჩები წინააღმდეგობაში“, – დაწერა აქუბარდიამ „ფეისბუქზე“ 5 სექტემბერს. „კვლავ მტკიცედ მჯერა, რომ ახალი თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე ქვეყნის კონსტიტუციურ გზაზე დაბრუნება ვერ მოხდება. ამიტომ, გავაგრძელებ ბრძოლას შესაძლებლობის ფარგლებში იმ მიზნისთვის, რასაც ერთიანი ევროპული საქართველო ჰქვია“.