კონკურსის „მწვანე ჯილდო 2025“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

Primetime.ge 5 საათი წინ 6
კონკურსის „მწვანე ჯილდო 2025“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2025 წლის კონკურსის „მწვანე ჯილდო“ გამარჯვებულები გამოავლინა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.„ნომინაციაში „მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ გამარჯვება მოიპოვა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საბავშვო ბაღის აღმზრდელმა გულნარა ბუაძემ, ხოლო „მწვანე ჯილდო - გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელს შორენა ყარალაშვილს გადაეცა.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გამარჯვებულებს დამსახურებული წარმატება მიულოცა. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა ყურადღება გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიბებაში პედაგოგების როლზე გაამახვილა.„განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დღეს და ამ ჯილდოს. სამოქალაქო პასუხისმგებლობა ადრეული ასაკიდან ყალიბდება; ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თითოეული მასწავლებლის როლი - დაწყებული საბავშვო ბაღიდან, დასრულებული სკოლის პერიოდით. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მასწავლებელს, ვისაც წვლილი შეაქვს ახალგაზრდების ღირებულებების ჩამოყალიბებასა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. მინდა ვისურვო, კიდევ უფრო მეტი პედაგოგი ჩაერთოს ამ პროცესში, რადგან სწორედ ისინი აყალიბებენ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ მომავალს”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„გარემოსდაცვითი განათლება და ცნობიერების ამაღლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „მწვანე ჯილდო“ მნიშვნელოვან ინიციატივას წარმოადგენს, რომლის მხარდამჭერიც განათლების სამინისტრო ყოველთვის იქნება. ჩვენი მიზანია, საქართველოში აღიზარდოს ახალი თაობა, რომელიც ჯანმრთელი ღირებულებების მატარებელია. სკოლებში გარემოსდაცვითი განათლების ინტეგრაცია და გარემოს დაცვის საკითხებზე ყურადღების გამახვილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.„მწვანე ჯილდო“ ერთგვარი წამახალისებელი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების გაძლიერებას და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას. მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ მასწავლებლებს, როგორც სკოლამდელი აღზრდის, ასევე სკოლის ეტაპზე, რათა მომავალი თაობა უკეთ მოემზადოს იმ გლობალური და ადგილობრივი გარემოსდაცვითი გამოწვევებისთვის, რომლებსაც დღეს ვაწყდებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.კონკურსში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 200-მდე პედაგოგმა და აღმზრდელმა მიიღო. გამარჯვებულები სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ გამოავლინა, რომელიც შედგებოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაციების „CENN” და „ეკოხედვა” წარმომადგენლებისგან. ჟიურიმ თითოეულ კატეგორიაში 10 კონკურსანტი გამოარჩია, რომლებსაც ფულადი ჯილდოები, ასევე პარტნიორი კომპანიებისგან საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებულები 1000 ლარიანი ვაუჩერებით და სპეციალური პრიზებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დააჯილდოვა.კონკურსი „მწვანე ჯილდო”, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, 2018 წლიდან ტარდება. თავდაპირველად კონკურსი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლების წახალისებასა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას ემსახურებოდა. 2022 წლიდან კი, მას დაემატა სასკოლო კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლაში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ინტეგრაციას.ღონისძიებას ესწრებოდნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და კახა კაკაბაძე, ასევე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია