კომუნიკაციების კომისიამ ოპოზიციური ტელეარხები საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის სამართალდამრღვევად სცნო

Civil Georgia 2 თვის წინ 69
კომუნიკაციების კომისიამ ოპოზიციური ტელეარხები საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის სამართალდამრღვევად სცნო

კომუნიკაციების კომისიამ ოპოზიციური ტელევიზიების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილი საჩივარი დააკმაყოფილა და „მთავარი არხი“, „ტელეკომპანია პირველი“ და „ფორმულა“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ დარღვევისთვის სამართალდამრღვევად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება კომისიის მიერ მიღებულ საჩივარს, რომელიც ამ ტელეარხების მიერ მმართველი პარტიის პოლიტიკური რეკლამების განთავსებაზე უარს ეხებოდა.

კომუნიკაციების კომისიის თქმით, „მთავარმა არხმა“, „ტელეკომპანია პირველმა“ და „ფორმულამ“ წარმოადგინეს საპასუხო წერილები, სადაც საუბარია იმაზე, რომ ისინი უარს აცხადებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რგოლის განთავსებაზე, რის მიზეზადაც ასახელებენ იმას, რომ „რგოლი არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას“.

„ქართული ოცნების“ ახალი პოლიტიკური რეკლამა მისი კამპანიის ბანერების საფუძველზე შეიქმნა, რომლებიც უკრაინაში ომით გამოწვეულ ნგრევას მმართველი პარტიის მიერ ქვეყნისთვის შემოთავაზებულ „მშვიდობას“ ადარებს.

კომუნიკაციების კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „აკრძალულია ისეთი პოლიტიკური რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს ომის და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. ხოლო, რაც შეეხება რეკლამის არაეთიკურობას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული არ წარმოადგენს მაუწყებლის შეფასების საგანს, შესაბამისად, ამ მოტივით პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის მიერ განუთავსებლობა კანონის დარღვევას წარმოადგენს“.

„საქართველოს კანონმდებლობიდან და სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი არ შეიცავს არც ომის პროპაგანდას და არც  ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მოწოდებას, რაზეც მაუწყებლები ამახვილებდნენ ყურადღებას, შესაბამისად, აღნიშნული სარეკლამო რგოლი არ არღვევს „საქართველოს საარჩევნო კოდექსს“ და მაუწყებლები ვალდებულნი იყვნენ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო ვიდეორგოლი ეთერში განეთავსებინათ“, – აცხადებს კომისია.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია