სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2025 წლის პირველ კვარტალში სახელისუფლებო ტელევიზიას „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 მილიონი ლარით გაიზარდა და 6.1 მილიონი ლარი შეადგინა, განაცხადა კომუნიკაციების კომისიამ 16 მაისს. ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე სამი ტელეარხია „იმედი“, „რუსთავი 2“ და „POSTV“ – სამივე სახელისუფლებლო არხია.
ტელეკომპანია „იმედის“ შემდეგ მოდის მედია ჰოლდინგი „რუსთავის 2“, რომლის კომერციული შემოსავლები უცვლელი დარჩა 1.8 მილიონ ლარზე. კიდევ ერთ სახელისუფლებო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ს შემოსავლები 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა და 1.7 მილიონ ლარს მიაღწია.
რაც შეეხება ოპოზიციურ მაუწყებლებს, ტელეკომპანია „ფორმულას“ კომერციული შემოსავალი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.8 მილიონი ლარით გაიზარდა და პირველ კვარტალში 1.5 მილიონ ლარს მიაღწია. 0.4 მილიონი ლარით მეტი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, რომლის სარეკლამო შემოსავალმაც 1.2 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება bm.ge-ს და GDS-ს, მათი კომერციული შემოსავლები უცვლელი დარჩა, კერძოდ, bm.ge-ს შემთხვევაში 0.8 მილიონ ლარს, ხოლო GDS-ის შემთხვევაში კვლავ 0.4 მილიონ ლარს უდრიდა.
0.3 მილიონი ლარით გაიზარდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალიც, რომელიც მიმდინარე წლის I კვარტალში 0.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. გარდა ამისა, ორჯერ გაიზარდა „სილქნეტის“ შემოსავალიც და სულ 0.2 მილიონი ლარი შეადგინა. „პალიტრანიუსის“ შემთხვევაში კი, მათი კომერციული შემოსავალი არ შეცვლილა და 0.1 მილიონი ლარი იყო.
საერთო ჯამში, 2025 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და 16.4 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 5.7%-ით მეტი იყო და სულ 14.8 მილიონი შეადგინა.
ტელევიზიებისთვის მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 14.8% – სპონსორობამ, ხოლო 10.8% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა. რადიომაუწყებლების მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 1.1%-ით გაიზარდა და 1.7 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო დანარჩენი 11% სპონსორობაზე მოდიოდა.
თუმცა, სარეკლამო ტენდენციების მიღმა, ვითარება მედია სივრცეში საკმაოდ დაძაბულია.
ოპოზიციურად განწყობილმა ტელეკომპანია „მთავარმა“ მაუწყებლობა 1 მაისიდან შეწყვიტა. მანამდე, არხი 15 თებერვლიდან გათიშული იყო და მხოლოდ სერიალებსა და განმეორებით გადაცემებს უშვებდა. „მთავარ არხში“ ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბულობამ იჩინა თავი. არხმა და მისმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ, მთავარის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი, არხის დახურვის მცდელობასა და „ქართული ოცნების“ ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს.
24 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ორი სადავო ცვლილება წარადგინა. ერთი კრძალავს აუდიოვიზუალური მედიის უცხოურ დაფინანსებას, ხოლო მეორე კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლობის კონტენტის რეგულირების ახალ უფლებამოსილებებს ანიჭებს, რაც ფაქტობრივად მედიის თვითრეგულირების დასრულების ტოლფასია.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/03/2025 – SJC: ,,მაუწყებლობის შესახებ’’ კანონში ინიცირებული ცვლილებები ძირს უთხრის მედიისა და გამოხატვის თავისუფლებებს
- 20/09/2024 – TI საქართველო: „ქართული ოცნების“ რეკლამის გაუშვებლობის გამო კრიტიკული მედია „უსამართლოდ“ დაააჯარიმეს
- 12/09/2024 – კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „მთავარი“ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო დააჯარიმა
- 08/02/2024 – კომუნიკაციების კომისია: სახელისუფლებო მედიის სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა