კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის პროცესის მონიტორინგს განახორციელებს

Civil Georgia 1 თვე წინ 22
კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის პროცესის მონიტორინგს განახორციელებს

„კლუნების ფონდმა სამართლიანობისთვის“ 18 მარტს განაცხადა, რომ TrialWatch-ი, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას უზრუნველყოფს სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, დაპატიმრებული ჟურნალისტის და ონლაინ მედიასაშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგს განახორციელებს.

„ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, TrialWatch მოამზადებს სამართლიანობის ანგარიშს, რომელიც საქმეს სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების შესაბამისად შეაფასებს“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი 40-ზე მეტ ქვეყანაში უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სიტყვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების დაცვის საქმეში. მისი საქმიანობის შედეგად, ათობით ჟურნალისტი გათავისუფლდა და ათასობით ქალმა საკუთარი უფლებების დასაცავად უფასო იურიდიული დახმარება მიიღო.  

18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომა 31 მარტისთვის გადაიდო მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ საქმეში ახალი მტკიცებულებების შეტანის შუამდგომლობა დააყენა.

მზია ამაღლობელი 12 იანვარს მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს სახეში ხელი დაარტყა, რასაც წინ უძღოდა პოლიციის მიერ მის მიმართ არასათანადო მოპყრობა. ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის ბრალი წაუყენეს. დაკავების შემდეგ ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად 38 დღე იშიმშილა. მან შიმშილობა 18 თებერვალს, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების არაერთი მოწოდების შემდეგ დაასრულა.

ამაღლობელის საქმე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი მედიის პოლიტიკურ დევნად განიხილება.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია