კელი და კრამერი აშშ-ს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ

Civil Georgia 2 თვის წინ 88
კელი და კრამერი აშშ-ს ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ  და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა გაზეთ The Hill-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში აშშ-ს მოუწოდეს, რომ ქართული დემოკრატიის ავტორიტარიზმისგან გადასარჩენად,  „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას სანქციები დაუწესოს.

„აშშ-მა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ ის თავის ფინანსურ ბერკეტს გამოიყენებს ივანიშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ, თუ ისინი გააგრძელებენ გზას, რომელიც დამღუპველი იქნება ქართველი ხალხისა და აშშ-საქართველოს ურთიერთობისთვის“, – ნათქვამია მოსაზრებაში.

„ამერიკის ხმის“ ქართული სამსახურის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი უკვე შეიმუშავა, თუმცა უცნობია როდის ამოქმედდება ის.

იან კელი და დევიდ კრამერი აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ ქართველ ჩინოვნიკებსა და ინდივიდუალურ პირებზე ცოტა ხნის წინ დაწესებული სავიზო და ფინანსური სანქციები არასაკმარისი აღმოჩნდა, რადგან მათ შორის არ იყო ბიძინა ივანიშვილი, „კაცი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ავტორიტარულ და პრორუსულ კურსზე“.

მოსაზრება აჯამებს ივანიშვილის წარსულს და მისი როგორც არაფორმალური მმართველის როლს: ოლიგარქი ბიზნესმენი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა და 2012 წლიდან ქვეყნის არაოფიციალური მმართველია, რომელიც მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს. სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსული სტილის კანონმდებლობა, მათ შორის კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას და ანტი-ლგბტ კანონი, რომელიც ზღუდავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს, სწორედ მისმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. გარდა ამისა, სტატიაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი წინა ხელისუფლებას და მის ლიდერს, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2008 წელს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

ავტორები ასევე ამახვალიბენე ყურადღებას ივანიშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებსა და „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულებაზე, რომლის მიხედვითაც დასავლელი ლიდერები აფინანსებენ ქართულ ოპოზიციას სააკაშვილის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და საქართველოში „მეორე ფრონტის“ გასახსნელად. „ივანიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ნებისმიერ ფასად“ ხელს შეუშლის ასეთ შედეგს, რაც წარმოადგენს არცთუ ფარულ საფრთხეს არჩევნების მანიპულირებისთვის“, – აღნიშნავენ ავტორები. ისინი ასევე ამახვილებენ ყურადღებას ივანიშვილის დაპირებაზე, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას აკრძალავს.

„ქართული ოცნება უკვე აკონტროლებს ხელისუფლების სამივე შტოს. ოპოზიციის უკანონოდ გამოცხადების და სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობით, ივანიშვილი და კობახიძე არსებითად ასახავენ ანტიდასავლურ ტოტალიტარულ რეჟიმს, რომელიც პროდასავლურ მოსახლეობას მართავს“, – ნათქვამია მოსაზრებაში. „სანაცვლოდ, აშშ-მა უნდა უთხრას ივანიშვილს, რომ თუ ის თავის სასარგებლოდ გააყალბებს ოქტომბრის არჩევნებს, ან განახორციელებს მუქარას, რომ აკრძალოს ოპოზიცია, მას და მის მილიარდებს სახაზინო დეპარტამენტის ფინანსური სანქციები სრული სიმძიმით დაემუქრებათ.

ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ-ს თვეების წინ უნდა დაეწესებინა ივანიშვილზე სანქციები, „მათ შორის მაშინ, როცა ის და მისი ხელდასმულები მთავრობასა და პარლამენტში საზიზღარ რიტორიკულ შეტევებს ახორციელებდნენ აშშ-ის წინა ელჩსა და კონგრესის წევრებზე“.

„თუ ჩვენ დავარწმუნებთ მას, რომ სერიოზულ სანქციებს დავუწესებთ, თუ ის განახორციელებს თავის ფარულ მუქარას, რომ შეცვალოს არჩევნების შედეგები, ასევე თავის  აშკარა მუქარას, რომ აკრძალოს ოპოზიცია და საქართველო ანტიდასავლურ დიქტატურად აქციოს, ჩვენ შევძებთ ხელი შევუშალოთ მას ამის გაკეთებაში“, – ნათქვამია მოსაზრებაში.  

„შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ“, – ნათქვამია მოსაზრებაში.

იმ გამოკითხვებზე დაყრდნობით, რომელთა თანახმადაც ქართველების დიდი უმრავლესობა ამერიკის, ევროკავშირის, ნატოსა და დემოკრატიის მხარდამჭერია, ავტორები აღნიშნავენ, რომ „საქართველო, ოდესღაც ძლიერი დემოკრატია რთულ სამეზობლოში, პარტნიორის ნაცვლად პრობლემად იქცა“.

„მტკივნეული, მიზანმიმართული სანქციების დაწესების მუქარამ შეიძლება გადაარჩინოს საქართველოს ხალხი პრორუსული, ავტორიტარული მომავლისგან, რომელსაც ოლიგარქი მათ დაპირდა“, – აცხადებენ მოსაზრების ავტორები.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია