არ შეიძლება მშვიდობის პოლიტიკის პრემიერი ომის პოლიტიკის პრეზიდენტს სტუმრობდეს – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. ანალიტიკოსის თქმით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეურაცხყოფა არა ქართველ ხალხს, არამედ საკუთარ თავს მიაყენა და უკვე მერამდენედ საკუთარ ღირსებას გადაუარა.
თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, პრემიერის ვიზიტის გაუქმებით აშშ-მ თქვა ის, რომ ბაიდენის ხელისუფლება არ თმობს ომს. ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ შეუცვლელი პარტნიორი არ არსებობს და საქართველოს მიმართ მსგავსი დამოკიდებულება, მხოლოდ ამერიკას დააზარალებს.
„თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ შეურაცხყოფა საქართველოს მიაყენა, ცდებიან, მათ საკუთარ ღირსებას გადაუარეს და უკვე მერამდენედ. ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პრემიერის გაეროს სესიაზე სიტყვით გამოსვლა, ვიდრე ბაიდენთან პოზიორობა. პირიქით, კარგია, რომ მიწვევა გაუქმდა. არ შეიძლება მშვიდობის პოლიტიკის პრემიერი ომის პოლიტიკის პრეზიდენტს სტუმრობდეს.
ამით ამერიკამ გვითხრა ის, რომ ბაიდენის ხელისუფლება არ თმობს ომს და ყველა, ვინც მშვიდობას იცავს, მიუღებელია მათთვის. სამაგიეროდ, მისაღებია ქართველი ხალხისთვის. ეს პოლიტიკური ტრიუკი ქართული ოპოზიციისთვის იყო გამიზნული, თუმცა, ვერც ეს უშველით. პირიქით, ბაიდენის ადმინისტრაციის უთავმოყვარეო ქმედებამ ქართველი ხალხი აანთო. მუხტი გვინდოდა და მოგვცეს კიდეც. გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს. თუ როგორია შეურაცხყოფილი ქართველი ხალხის პასუხი, ამას 26 ოქტომბერს გაიგებენ. ამერიკის ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ შეუცვლელი პარტნიორი არ არსებობს. ეს მხოლოდ მათ დააზარალებს. თუმცა, მანამდე თავად ამერიკელი ხალხი შეცვლის მათ,“- თამარ ჩიბურდანიძე.