იმ ფონზე, როდესაც ქართული წინააღმდეგობა და საპროტესტო აქციები 100 დღეზე მეტია გრძელდება, უსაფრთხოების ვითარება შავი ზღვის რეგიონში, უფრო ფართო ევროპასა და მის ფარგლებს მიღმა სავსეა გამოწვევებითა და გაურკვევლობებით. იმის გამო, რომ რუსეთი აგრძელებს თავის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმების კონტურები ჯერ კიდევ გაურკვეველია, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ცივდება და ავტორიტარიზმი იზრდება, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური უსაფრთხოების წესრიგი, როგორც ჩანს, უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ იმყოფება. საქართველო ამ ბრძოლის ნაწილია, სადაც მომიტინგეები, სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატიის მხარდამჭერები ყურადღებით ადევნებენ თვალს გლობალურ მოვლენებს. ამ ინტერვიუთი „სამოქალაქო საქართველო“ საქართველოს ტრადიციული პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან საუბრების სერიას იწყებს, რათა განვიხილოთ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, მათი ქვეყნის პოზიცია ევროპულ და ევროატლანტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით და მათი შეხედულებები ევროპული უსაფრთხოების მომავალზე.
მარგუს ცაჰკნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრია – ქვეყნისა, რომელიც საქართველოს მსგავსად ანალოგიური გამოწვევების წინაშე იდგა და საბჭოთა ზეწოლა გაიარა. ესტონეთი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერია. ბოლო დროს ის აქტიურად აკრიტიკებს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლას და სანქციებიც კი დაუწესა ათეულობით ქართველ ჩინოვნიკს, მათ შორის „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს.
„სამოქალაქო საქართველო“: მასობრივი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობისა და მიმდინარე რეპრესიების მიუხედავად, ივანიშვილი განაგრძობს ძალაუფლების კონტროლის გამკაცრებას და ქვეყანას სულ უფრო აშორებს ევროკავშირს. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთონ სხვა ევროპელმა ლიდერებმა საქართველოში მზარდი რუსული გავლენის შესაჩერებლად და აღსაკვეთად?
ჩვენი პოლიტიკური პოზიცია ძალიან მკაფიოა; ჩვენ დავგმეთ მიმდინარე რეპრესიები და ახალი სანქციები დავაწესეთ. სხვა ქვეყნებმაც იგივე გააკეთეს. ჩვენ აქტიურად უნდა ვებრძოლოთ დეზინფორმაციას და ცრუ ნარატივებს და ამას საქართველოშიც მრავლად ვხედავთ. რა თქმა უნდა, ასევე აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მტკიცე მხარდაჭერა. და გადამწყვეტია უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ეს საქართველოს მხარდაჭერასაც გულისხმობს.
ზოგიერთები საქართველოში – მათ შორის „ქართულ ოცნებაში“ – ღიად ამტკიცებენ, რომ სჯობს პუტინთან გარიგების დადება, ვიდრე რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე ყოფნა. განიხილავს თუ არა ესტონეთი ასეთ ვარიანტს? რატომ? რა მოხდება, თუ აშშ ამის გაკეთებას მოგთხოვთ?
სასწორზე დგას ღირსება, ღირებულებები და დემოკრატიის მომავალი. და ცალსახად ვიტყვი, თბილისიდან გამუდმებით გვესმის ბრალდებები, თითქოს გვინდა საქართველოს ომში ჩათრევა. ეს ტყუილია. ომი უკრაინაში, საქართველოში ან რუსეთის ნებისმიერ სხვა მეზობელ ქვეყანაში, ისევე როგორც ნებისმიერი „გადაწყვეტილება“, სადაც რუსეთი საბოლოოდ თავისას მიიღებს, ასუსტებს ესტონეთის უსაფრთხოებას და უსაფრთხოების თვალსაზრისით უშუალო საფრთხეს წარმოადგენს. 2008 წელი გამოფხიზლების სიგნალი იყო, რომელიც ხელიდან იქნა გაშვებული, მაგრამ ჩვენ არ გვძინებია. ჩვენი სანქციები არ ეხება რუსეთს; ეს იმიტომ ხდება, რომ „ქართული ოცნება“ ძალადობას იყენებს თავისი ხალხის მიმართ, არღვევს ადამიანის უფლებებს, თრგუნავს თავისუფალ მედიას და იმიტომ, რომ როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ავტორიტარული სახელმწიფო ხდება. ის ფაქტი, რომ ძალადობის ჩამდენნი არ ისჯებიან, იწვევს დაუსჯელობას, რაც შემდგომ ძალადობას ახალისებს. გულუბრყვილობა იქნება იმის მოლოდინი, რომ რუსეთი ორმხრივად მომგებიან გარიგებებს შეწყვეტს – ეს ყველაფერი ჩვენს ხარჯზე მოხდება.
იმ ფონზე, როცა რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები უკვე მეოთხე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ასობით ადამიანი დააკავეს, დააჯარიმეს ან სცემეს, როგორია თქვენი გზავნილი დემონსტრანტების და ყველა იმ პირის მიმართ საქართველოში, ვინც აფასებს თავისუფლებას და ეწინააღმდეგება რუსული ცხოვრების წესს?
ესტონეთი მხარს უჭერს დემოკრატიას! ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით, რადგან ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. ჩვენც ვიბრძოდით ავტორიტარული სისტემისგან თავის დასაღწევად, ქართველების გვერდიგვერდ, ერთმანეთის მოტივირებითა და დახმარებით.
მაშინ როცა ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, კვლავ არის თუ არა საქართველო მიმზიდველი ადგილი ესტონელი ტურისტებისთვის, ინვესტიციებისთვის და ბიზნესისთვის?
კანონის უზენაესობის ნაკლებობა, ხელისუფლების გადანაწილების პრინციპის დარღვევა და ავტორიტარული ერთპარტიული სისტემა ყოველთვის არამიმზიდველია ინვესტორებისა და ბიზნესმენებისთვის, რადგან მათ არ აქვთ თანაბარი მოპყრობისა და, საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელი სამართლებრივი პროცესის იმედი. განვითარების სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით, ძირითადი პარტნიორობა მთავრობასთან იყო დამყარებული, რომელიც ამჟამად შეჩერებულია. ზოგადად, ესტონეთს ასობით პროექტი ჰქონდა და ასობით ადამიანი იყო ჩართული ამ პროექტებში, მაგრამ მათი გაგრძელება ძალიან რთული გახდა, რადგან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირება უკიდურესად გართულდა.
საქართველო ჯერ კიდევ შედარებით პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის, რადგან საქართველო, როგორც ქვეყანა და მისი ხალხი ესტონელთა გულებში რჩება.
საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ევროპული ძალების განთავსების გარკვეულ კონფიგურაციას განიხილავენ. როგორ ფიქრობთ, ეს შესაძლებელია? და რას ფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ შეხვედრებზე არ მიგიწვიეს?
ჩვენ მივესალმებით დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავების საქმეში. ესტონეთი აქტიურად მონაწილეობს ამ დისკუსიებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გრძელვადიანი მშვიდობა მოითხოვს უსაფრთხოების მყარ საერთაშორისო გარანტიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც ძალაში აქტიური საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე შევა. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას დრო სჭირდება; თუმცა, გარანტიები დაუყონებლივაა საჭირო და ამიტომ, მათი შემუშავების დროა.
როგორ ფიქრობთ, შეძლებენ თუ არა რუსეთთან ფრონტის ხაზზე მყოფი ქვეყნები მართონ საკუთარი უსაფრთხოება აშშ-ის მხარდაჭერის გარეშშე უახლოეს ორ წელიწადში? რა არის ამისთვის საჭირო?
ესტონეთი ნატოს წევრია და თუ რუსეთი თავს დაესხმება ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანას, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი მოკავშირეები მზად იქნებიან მხარდასაჭერად.
თქვენ დიდ დახმარებას უწევთ უკრაინას. გაქვთ თუ არა იმის შიში, რომ თუ რუსეთი მოაგვარებს თავის უთანხმოებას აშშ-სთან, ის შურს იძიებს?
უკრაინის დახმარებასთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების შემუშავება, რაც უზრუნველყოფს, რომ აგრესია აღარ განმეორდება. ესტონეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს ამ დისკუსიებში მოკავშირეებთან და ერთად გამოიყენოს გარანტიები. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა თავიდან ავიცილოთ რუსული რევანშიზმის ნებისმიერი შესაძლებლობა.