ინტერვიუ | ბაიბა ბრაჟე: ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

Civil Georgia 2 კვირის წინ 15
ინტერვიუ | ბაიბა ბრაჟე: ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს

„საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს“, აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

საქართველოში, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი დააფიქრა ქვეყანაში დემოკრატიის მომავალზე, ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების ფორმასა და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ტრანსფორმაციაზე. „სამოქალაქო საქართველო“ საქართველოს ტრადიციული პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან საუბრების სერიას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბაიბა ბრაჟესთან ინტერვიუთი აგრძელებს. ლატვია ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც ათწლეულების მანძილზე მხარს უჭერდა საქართველოს ინტეგრაციას ნატო-სა და ევროკავშირში, მის დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, და ხმამაღლა საუბრობდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დემოკრატიული თუ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე. ის ასევე არის ქვეყანა, რომელიც ლიდერია უკრაინის მხარდაჭერის მობილიზების ძალისხმევის თვალსაზრისით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი მის წინააღმდეგ სასტიკ ომს აგრძელებს.


„სამოქალაქო საქართველო“: გმადლობთ, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა აღიდგინეს, ლატვია და საქართველო უკვე წლებია ახლო პარტნიორები არიან. მათ საერთო შეხედულებები აქვთ საფრთხეებზე, ღირებულებებსა და დემოკრატიულ მისწრაფებებზე. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ეს ვითარება შეიცვალა. როგორ აღწერდით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას?

ლატვიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები ორი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მეგობრული და კონსტრუქციული იყო, ინტენსიური პოლიტიკური დიალოგითა და ხალხთა შორის კონტაქტებით ხასიათდებოდა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე იყო დაფუძნებული.

როგორც საქართველოს ახლო მეგობარი, ლატვია დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებს. საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა ქვეყანა ევროატლანტიკურ გზას დააშორა – მისწრაფებას, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული და რომელსაც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს. საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, რის შედეგადაც საგრძნობლად შემცირდა ოფიციალური კონტაქტები და თანამშრომლობა.

ქართველების უმეტესობა მხარს უჭერს ქვეყნის მომავალს ევროკავშირში, მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყანა დაჩქარებული ტემპით შორდება დემოკრატიულ სამყაროს. არსებობს მოსაზრება, რომ ცვლილება საქართველოს შიგნიდან უნდა მოხდეს, მაგრამ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის როლი ამ კონტექსტში? მეტი რისი გაკეთება შეუძლია მას საქართველოში დემოკრატიის მხარდასაჭერად?

2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ევროკავშირმა აჩვენა, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს მკაფიო გზა დაესახა გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად და შემდეგ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ შემაშფოთებელი ტრაექტორია აირჩია, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, მაგრამ ამისთვის საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსის მკვეთრი ცვლილებაა საჭირო.

ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების მხარდაჭერა, რათა ქვეყანა ევროკავშირს სულ უფრო დაუახლოვდეს, რისი საბოლოო მიზანიც ევროკავშირში გაწევრიანებაა.

ამავდროულად, ევროკავშირის ინსტიტუტები და წევრი ქვეყნები მზად არიან გააგრძელონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა, ვინაიდან ორივე მათგანი ჯანსაღი დემოკრატიის მნიშვნელოვანი საყრდენია.

ლატვიამ დემოკრატიის შელახვის გამო ათეულობით ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა. რა შეიძლება იყოს შემდეგი ნაბიჯები? კოორდინირებულია თუ არა ეს ქმედებები ბალტიის დანარჩენ ქვეყნებთან და ნორდიკულ ქვეყნებთან?

2024 წლის დეკემბრიდან ლატვიამ საქართველოს 42 მოქალაქე ლატვიაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ლატვიაში შესვლა მათ განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ. ამ პირთა ვინაობა საჯარო არაა. გადაწყვეტილებები ბალტიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიიღება და ჩვენ ასევე ვაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენს პარტნიორებთან არა მხოლოდ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნებიდან, არამედ ევროკავშირის უფრო ფართო ოჯახიდანაც. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი და იგივე ადამიანებს შეეხოთ მოგზაურობაზე აკრძალვა. ლატვია კვლავაც დააკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას და შესაბამის რეაგირებას მოახდენს სიტუაციის ესკალაციაზე.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ აპირებს რეპრესიების შეწყვეტას ოპონენტების მიმართ, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ უპრეცედენტო გალაშქრებას რეპრესიული კანონებით, რომლებიც ან უკვე მიღებულია, ან შემუშავების პროცესშია. საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება, თუმცა დემონსტრანტები შეშფოთებით ადევნებენ თვალს გლობალურ მოვლენებს. არის თუ არა რისკი, რომ ევროკავშირი დაიღლება ან გადაიტვირთება სხვების პრობლემებით და უბრალოდ დაივიწყებს ან მიატოვებს საქართველოს?

ლატვია გმობს ძალადობას მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. ჩვენ მოვითხოვეთ ევროკავშირის დონეზე  სანქციების დაწესება იმ პირებისთვის, ვინც ძალადობასა და არაპროპორციულ თავდასხმებზეა პასუხისმგებელი. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ხალხის მხარდაჭერას, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას უჭერს მხარს, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლების.

ევროკავშირმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს შემდგომ ნაბიჯებს, რომლითაც კიდევ უფრო შორდება საერთაშორისოდ აღიარებულ დემოკრატიულ სტანდარტებს, ქვეყნის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით აღებულ ვალდებულებებს, და მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ევროკავშირმა დაადასტურა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას, რომელიც დემოკრატიული და სტაბილური საქართველოსა და მისი ევროპული მომავლისკენაა მიმართული. ევროკავშირი კვლავაც ყურადღებით დააკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

როგორ აისახება შეერთებული შტატების დამოკიდებულების ცვლილება და იზოლაციონისტური ტენდენციები ნატოსა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მიმართ უსაფრთხოების შესახებ მოსაზრებებზე თქვენი ქვეყნისთვის? ევროპისთვის?

ლატვია მჭიდრო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ძლიერი მხარდამჭერია. აშშ-ის ჩართულობა და სამხედრო ყოფნა ევროპაში გადამწყვეტია ევროატლანტიკური სივრცის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. აშშ-ის ადმინისტრაცია კვლავ გამოხატავს მტკიცე ერთგულებას ნატო-ს მიმართ. ჩვენი კომუნიკაცია ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ამ რეალობას ადასტურებს.

ლატვია მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებას თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ და აღიარებს კოლექტიურ თავდაცვაში ევროპის როლის გაძლიერების აუცილებლობას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აშშ დააფასებს უფრო ძლიერ და უფრო ქმედუნარიან ევროპას, როგორც თანასწორ ტრანსატლანტიკურ პარტნიორს. ამჟამად ლატვია თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 3,45%-ს ხარჯავს და მიმდინარე წლის ბოლომდე თავდაცვის ბიუჯეტის 4%-მდე გაზრდა იგეგმება.

ამ ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და განსაკუთრებით უკრაინაში მძვინვარე ომის პირობებში, რა უნდა გააკეთოს და რას გააკეთებს ევროპა აშშ-ის გასვლის კომპენსირებისთვის? რამდენად რეალურია ევროკავშირისთვის, რომ ჰყავდეს და, თანაც მალე, თავისი ქმედუნარიანი სამხედრო ძალა ევროკავშირის დასაცავად?

ლატვია არის უკრაინის მხარდამჭერი „ნების კოალიციის“ ნაწილი.

ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ინიციატივას მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მისი პოზიციების გასაძლიერებლად. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინას 20 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია. წელს ამ ოდენობის გაორმაგება იგეგმება.

ევროკავშირი ასევე აგრძელებს უკრაინელი სამხედროების წვრთნას უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM Ukraine) ფარგლებში. ევროკავშირმა ამ დროისთვის 75 000 სამხედრო მოსამსახურე გაწვრთნა და აღჭურვა. ლატვიამ კი 8 000-მდე უკრაინელი სამხედრო გაწვრთნა.

ევროკავშირმა ახლახანს შეიმუშავა ახალი გეგმა „გადაიარაღე ევროპა“, რომლის ფარგლებშიც 800 მილიარდი ევროს მობილიზებაა შესაძლებელი უსაფრთხო და მედეგი ევროპის უზრუნველსაყოფად. „გადაიარაღე ევროპის“ საშუალებით, წევრ ქვეყნებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შეძენისა და მიწოდებისთვის.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც უწყობს ხელს უკრაინის მომავალ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ მივესალმებით რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს და მაღალ მოტივაციას, რომელიც უკრაინამ ამ გზაზე აჩვენა, მიუხედავად რთული გარემოებებისა და რუსეთის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომისა.

ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის ძალისხმევას უკრაინაში მშვიდობის მიღწევის თვალსაზრისით. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა ამ პროცესში.

ლატვია აგრძელებს უკრაინის ყოვლისმომცველ მხარდაჭერას გრძელვადიანი მხარდაჭერისა და უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად. ლატვია მზადაა უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.25%-ს ოდენობით, როგორც წელს, ასევე 2026 წელს.

სრულად წაიკითხეთ სტატია