“ინტერესი კვლავ დიდია, უფრო და უფრო მეტი კომპანია ერთვება” – BARTA 2024-ის შედეგები

News.ge 2 თვის წინ 12
“ინტერესი კვლავ დიდია, უფრო და უფრო მეტი კომპანია ერთვება” – BARTA 2024-ის შედეგები

“ინტერესი კვლავ დიდია, უფრო და უფრო მეტი კომპანია ერთვება”, – ასე აფასებს საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გადაცემის მეექვსე ცერემონიალს, მსოფლიო ბანკის უფროსი კონსულტანტი მართვის სფეროში, ირინა გორდელაძე BMGTVს გადაცემაში „საქმიანი დილა“.
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონიალი ტრადიციულად მსოფლიო ბანკის ფინანსური და მდგრადი განვითარების ანგარიშგების რეფორმების ცენტრის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და მდგრადი განვითარების ანგარიშგების გაუმჯობესების პროგრამის (EAASURE) მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებაზე რჩეული კომპანიები დასახელდნენ და მათი შეფასება კომპეტენტური ჟიურის მხრიდან მათივე ანგარიშგებების საფუძველზე მოხდა. ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, 2024 წლის BARTA მოიცავს ჯილდოს “მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის” კომპანიების თითოეულ ძირითად კატეგორიაში. ეს ანგარიშები მომზადებული უნდა იყოს საერთაშორისო აღიარების მქონე ისეთი ჩარჩოს შესაბამისად, როგორიცაა მდგრადობის ანგარიშგების ევროპული სტანდარტები.
როგორც ირინა გორდელაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა, წლიდან წლამდე სულ უფრო უმჯობესდება კომპანიების მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებები. ამასთან, იზრდება კონკურსის მიმართ ინტერესიც.
“წელსაც ტრადიციულად ძალიან კარგად ჩატარდა ღონისძიება. რეკორდული რაოდენობის დამსწრე საზოგადოება გვყავდა. ინტერესი კვლავ დიდია და უფრო მეტი და მეტი კომპანიაა ჩართული, რომ მიიღონ ეს პრიზი. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას ანგარიშების ხარისხების გაუმჯობესების და ქულების მიხედვით, წლიდან წლამდე უმჯობესდება ანგარიშგებები. გარდა ამისა, წელს კომპანიებმა თავიანთი საუკეთესო ქულა დადეს. ეს ძალიან სასიხარულოა, რადგან ამ კონკურსის მიზანია, რომ წავახალისოთ კორპორაციული ანგარიშების განვითარება და გაუმჯობესება ჩვენს ქვეყანაში. ამ ანგარიშგებების ხარისხის შეფასების მეთოდოლოგია მსოფლიოში არსებულ ანალოგებს ეფუძნება, როგორიცაა ბელგიაში, ავსტრალიასა და ავსტრიაში”, – ამბობს ირინა გორდელაძე.
BARTA-ს ნომინაციაში „საპატიო ჯილდო საუკეთესო დებიუტანტი კომპანიისთვის“ “პროკრედიტ ბანკმა” გაიმარჯვა. ბანკის მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსის ალექსანდრე ჯაშიაშვილის თქმით, ეს მათთვის ერთგვარი აღიარებაა.
“მნიშვნელოვანია ამ ჯილდოს მიღება და ერთგვარი აღიარებაცაა. ჯგუფისთვის, ჰოლდინგისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის მდგრადობა ძალიან მნიშვნელოვან საკითხია. ჩვენ თერთმეტივე ქვეყანაში, სადაც წარმოდგენილი ვართ, ვცდილობთ, რომ ისე ვიმუშაოთ, რომ მხოლოდ პოზიტიური გავლენა მოვახდინოთ გარემოზე, საზოგადოებაზე და კლიენტებიც გადავიყვანოთ მდგრადობაზე. მდგრადობის მიმართულებით, 2024-ში ბევრი პროექტი გვაქვს წამოწყებული, მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაწყებული და სავარაუდოდ 2025-შიც გავაგრძელებთ.
ჩვენ BARTA 2025-ზეც ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. მდგრადობის ანგარიშს ჰოლდინგის და ჯგუფის დონეზე ვაკეთებდით. პირველი წელი იყო, როდესაც პროკრედიტ ბანკმა დამოუკიდებელი რეპორტი გააკეთა და ვაპირებთ მსგავსი ანგარიშების მომზადების და იმ მიღწევების ასახვას, რაზედაც ვმუშაობთ“, – განაცხადა ალექსანდრე ჯაშიაშვილმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია