ევროპარლამენტმა 9 ოქტომბერს „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის მიმართ არსებული საფრთხების შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას 495-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 73-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 86-მა კი თავი შეიკავა.
სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროკავშირის სახსრების გაყინვისკენ მოუწოდებს, სანამ ის არ გააუქმებს ანტიდემოკრატიულ კანონმდებლობას. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს, რომ სანქციები დაეკისროს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და შეფასდეს საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება. დოკუმენტი ასევე მოითხოვს „მკაცრი პირობების დაწესებას საქართველოს მთავრობისთვის ნებისმიერი მომავალი დაფინანსების გაცემაზე“.
რეზოლუცია ასევე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის „ურყევ მხარდაჭერას“ საქართველოს ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ.
ძირითადი დებულებები
რეზოლუცია მოუწოდებს, რომ გაიყინოს საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირის ყველა დაფინანსება მანამ, სანამ არ გაუქმდება არადემოკრატიული კანონები, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი და ანტი-ლგბტ კანონი. ის კატეგორიულად გმობს აღნიშნულ კანონმდებლობას და სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ „საქართველო, ოდესღაც ევროატლანტიკური მისწრაფებების მქონე ჩემპიონი დემოკრატიული პროგრესის საქმეში, დიდი ხანია დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის“.
რეზოლუცია კვლავ მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს საქართველოს ქმედებების გავლენა, მათ შორის ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღება, ქვეყნის მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების, კერძოდ კი ფუნდამენტური უფლებების დაცვის კრიტერიუმის შესრულებაზე, რაც, დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია.
რეზოლუცია მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „ოლიგარქად“ მოიხსენიებს და გმობს მის როლს საქართველოს მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის შელახვის საქმეში, მათ შორის რუსეთისკენ სვლის სასარგებლოდ. ის მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და ევროკავშირის დემოკრატიულ პარტნიორებს „დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესონ“ ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს და ბლოკის წევრ ქვეყნებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველა იმ პირს, ვინც „საქართველოში დემოკრატიის შელახვაზეა პასუხისმგებელია“.
რეზოლუცია „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოში რუსეთის მზარდი გავლენის გამო, მათ შორის რუსეთიდან გაზრდილი შემოდინებისა და ორ ქვეყანას შორის გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობების გზით, და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სანქციები დაუწესოს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიული ომის საპასუხოდ. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებას, რომ მიიღოს ეფექტური ზომები, რათა არ მოხდეს ევროპული სანქციების გვერდის ავლა. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და ბლოკის სტრატეგიასთან რუსეთის მიმართ.
რეზოლუცია „მტკიცედ იმეორებს“ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის „დაუყოვნებლივ“ და „უპირობო“ გათავისუფლების შესახებ, რათა მას საშუალება მიეცეს სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ გაიაროს.
ოქტომბრის არჩევნებზე
რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარება. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ყველა ზომა მიიღოს იმისთვის, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა შეფერხების გარეშე შეძლონ მუშაობა.
დოკუმენტი ასევე ეხმიანება „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოზე“ და მოძრაობა „აირჩიე ევროპა“-ზე განხორციელებულ თავდასხმას და ხაზს უსვამს, რომ მათთვის დაბრკოლებების შექმნა ქვეყანაში დემოკრატიის შელახვის მცდელობაა. მართალია, მოგვიანებით ანტიკორუფციულმა ბიურომ მთავრობის თხოვნით ამ ორ ორგანიზაციას „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსი მოუხსნა, რეზოლუცია აცხადებს, რომ თავდაპირველი გადაწყვეტილება მაინც აჩენს შეშფოთებას ბიუროს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით.
რეზოლუცია ასევე გამოხატავს შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული დიასპორის მრავალი მოთხოვნის მიუხედავად“, საზღვარგარეთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნები გაიხსნება ქართველი ემიგრანტებისთვის.
რეზოლუცია გმობს „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინის ომის ფოტოების გამოყენებას, რომლის მიზანიც წინასარჩევნოდ „აზრის მანიპულირება, დეზინფორმაციისა და პრორუსული და ანტი-უკრაინული განწყობების გავრცელებაა“.
რეზოლუცია მოელის, რომ „ქართული ოცნება“ პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას და თავისუფალ არჩევანს არჩევნებზე და უზრუნველყოფს „ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას“. ის ასევე მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ლიდერებს, შეწყვიტონ ძალადობა, დაშინება, სიძულვილის ენა, დევნა და რეპრესიები ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.
ევროპარლამენტს „მტკიცედ სწამს, რომ მოახლოებული არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში, ისევე როგორც მის შესაძლებლობაში, რომ როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს“.
რეზოლუცია იმეორებს ევროპული საბჭოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების მიმართ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროპული საბჭოს შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე „მოტივირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის აღიარების სურვილით, ისევე როგორც მოქალაქეთა შორის ევროკავშირში გაწევრიანების აბსოლუტური მხარდაჭერით“. რეზოლუცია მიესალმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას, რომ ქვეყანა დემოკრატიულ და პროევროპულ გზაზე დააბრუნოს.
ევროპარლამენტის რეზოლუციები შესასრულებლად სავალდებულო არ არის, თუმცა მათი რეკომენდაციები შეიძლება ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებებმა გაითვალისწინონ.
რეზოლუციის მიღებამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაგმო მისი პროექტი გააკრიტიკა და მას „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი“ უწოდა. პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა რეზოლუციის პროექტში გაჟღერებულმა მოწოდებებმა გამოიწვია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ეხებოდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/10/2024 – პაპუაშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია“
- 08/10/2024 – „საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და პოლიტიკური პლურალიზმის მიმართ არსებულ საფრთხეებზე“ ევროპარლამენტში დებატები გაიმართა
- 08/10/2024 – დემოკრატიის უკუსვლის გამო საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს