თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაუსწრებლად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ 10 მარტს დაუდასტურა.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ბაჩიაშვილი ბრალდებულად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისება) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია).
„ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ორ საქმეზე – „მტკვარი ჰესის“ პროექტის განხორციელების დროს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს“, – განაცხადა პროკურატურამ.
ბაჩიაშვილმა დღევანდელ განაჩენს ერთი სიტყვით უპასუხა – „სამარცხვინო”. 4 მარტს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველო დატოვა და დასძინა, რომ იძულებით მოუწია ქვეყნიდან წასვლა. ბაჩიაშვილმა თავის დევნაში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი, ასევე სასამართლოს რამდენიმე წარმომადგენელი და პროკურორი დაადანაშაულა.
ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილისა და „მისი კორუმპირებული მანქანის“ სამიზნე გახდა და დასძინა, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება, რადგან ივანიშვილი მას ციხეში „გაჭყლეტვით“ დაემუქრა.
საქმის დეტალები
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე 2015 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ბაჩიაშვილმა, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით, კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის მიღწეული შეთანხმებით, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტო საფულეზე, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთწლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 986.86 ბიტკოინს შეადგენდა. თუმცა, 2017 წელს, ბაჩიაშვილმა ინვესტორს მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო „დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 986.86 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 42 702 269 აშშ დოლარს შეადგენდა“.
პროკურატურამ ასევე აღნიშნა, რომ ბაჩიაშვილი კომპლექსურ ფინანსურ მანევრებში ჩაერთო ამ აქტივების წარმოშობის დამალვის მიზნით, მათ შორის კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელების გზით.
წინაისტორია
ბაჩიაშვილი ადრე ივანიშვილის თანაშემწე და ფინანსური მრჩეველი იყო, სანამ 2022 წლის ბოლოს მის კეთილგანწყობას დაკარგავდა. 2023 წელს, მას ბრალად დასდეს ბიტკოინების მითვისება. მოგვიანებით მას 2.5 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.
სისხლის სამართლის ბრალდების წარდგენის საპასუხოდ, Amsterdam & Partners LLP-მა რომელიც წარმოადგენს გიორგი ბაჩიაშვილის დაცვის მხარეს გაავრცელა პრესრელიზი, სადაც საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა.
ბაჩიაშვილმა გასული წლის ოქტომბერში „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლიგარქთან დაპირისპირება ნაწილობრივ დასავლეთთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. ბაჩიაშვილის თქმით, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა „დასავლეთის დემონიზაცია“ და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა დაიწყო, ბაჩიაშვილმა განსხვავებული აზრი გამოთქვა, რადგან არ ეთანხმებოდა შეთქმულების თეორიას.
2025 წლის იანვარში, სასამართლო მოსმენის დროს, ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილმა შუამავალი გამოგზავნა წერილით, რომელშიც სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის სანაცვლოდ კრიპტოვალუტით ყოველთვიურ გადახდებს ითხოვდა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესი „პოლიტიკურად მოტივირებულია“ და პირდაპირ გამოძალვას წარმოადგენს.
სასამართლო მოსმენები საკითხის სენსიტიურობის გამო დახურულ ფორმატში გაიმართა.
თებერვლის ბოლოს პროკურატურამ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რითიც ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მას კიდევ ერთხელ აეკრძალა ქვეყნის დატოვება.
ბრალდებულის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩიაშვილის მიერ „საზღვრის სავარაუდოდ უკანონო გადაკვეთის ფაქტთან“ დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მან „სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი“. შსს-ს შოთა ქარუმიძე საქართველოს საზღვრის გადაკვეთაში ბაჩიაშვილის დახმარების ბრალდებით დააკავა.