გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, რომ პოლიცია, მათ შორის სპეცრაზმი, 19 ნოემბრის გამთენიისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) შენობაში შედის, შენობის მეორე მხარეს მყოფი მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლამდე რამდენიმე წუთით ადრე, სტუდენტებისა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. პოლიციამ, სავარაუდოდ, უნივერსიტეტის ტერიტორია გამოიყენა, რათა ჩუმად გადასულიყო მეორე მხარეს და მშვიდობიანი მომიტინგეები დაერბია.
„გამაგებინეთ, რატომ იყენებდა უნივერსიტეტის სივრცეს სპეცრაზმი ოპერაციის დასაგეგმად? სად ვმუშაობ? თსუს ლექტორი ვარ თუ შსს-ს ოფიცერი?“ – წერს თსუ-ს პოლიტოლოგიის ლექტორი ლადო ნაფეტვარიძე სოციალურ მედიაში.
მიუხედავად მწვავე რეაქციისა, უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მათ შორის რექტორი ჯაბა სამუშია, დუმილს ამჯობინებენ. 1918 წელს დაარსებული თსუ ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მაგრამ მას დიდი ხანია „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში დამოუკიდებლობის ნაკლებობაში ადანაშაულებენ.
საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, რომელიც თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლიდა, გადაწყვიტა ამ სემესტრში ლექციები არ ჩაატაროს მას შემდეგ, რაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საგაზაფხულო აქციების დროს, მის შაბათის ლექციებს სტუდენტების პროტესტი ახლდა თან.
26 ოქტომბრის არჩევნებიდან რამდენიმე კვირა გავიდა და მთელი საქართველოს მასშტაბით სტუდენტები, მათი თქმით, გაყალბებულ არჩევნებს აკრიტიკებენ. თუმცა, თსუ-მ სტუდენტებს პროტესტის გამოსახატად უნივერსიტეტის შენობაში შესვლის უფლება არ მისცა, მაგრამ, სავარაუდოდ, ფართოდ გაუღო კარი პოლიციას მათ დასარბევად.
„უნივერსიტეტის კარი ღიაა, როგორც ხალხის მძარცველი კომპანიებისთვის, ბანკებისთვის (უნივერსიტეტის შენობაც შეიძლება მათ რეკლამის ადგილად იქცეს), ასევე პოლიციური რეჟიმისთვის, პოლიციელებისთვის, რობოკოპებისთვის, თუნდაც ეს მისი სტუდენტების დარბევას და დაშინებას გულისხმობდეს“, – განაცხადა მაისის სტუდენტურმა მოძრაობამ. მან უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და მისი რექტორი ჯაბა სამუშია დაადანაშაულა იმაში, რომ პოლიცია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეუშვა მომიტინტეების დასარბევად. მაისის სტუდენტური მოძრაობა მათ გადადგომისკენ მოუწოდებს.
სამუშიას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. დუმილს ამჯობინებენ ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური საბჭო. მხოლოდ რამდენიმე ლექტორმა გამოხატა სერიოზული შეშფოთება პოლიციის მიერ აკადემიური სივრცის მოქალაქეთა დასარბევად გამოყენების გამო.
„სპეცრაზმის პლაცდარმად თსუ-ის ტერიტორიის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად/დასარბევად, უხეშად არღვევს აკადემიური სოციალური პასუხისმგებლობის ყველა სტანდარტს!“ – წერს თსუ-ს სოციოლოგიის პროგრამს ხელმძღვანელი, იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ მედიაში და რექტორს ახსნა-განმარტებისკენ მოუწოდებს.
„უნივერსიტეტში პოლიციის ადგილი არაა!“ – დაწერა „ფეისბუქზე“ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და უნდა დარჩეს ცოდნის, განათლების, სამეცნიერო/კვლევითი გამოცდილებისა და ეროვნული ღირებულებების გადამცემ ინსტიტუციად. ის, რაც მოხდა – სწორედ უნივერსიტეტის ამ მისიასა და ღირებულებებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და მის რეპუტაციას ლახავს“, – აღნიშნა მან.
ოპოზიციური ძალების მიერ ორგანიზებული და ახალგაზრდების მონაწილეობით მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების დროს მომიტინგეებმა 19 ნოემბერს საღამოს თსუ-ის ტერიტორია კვლავ დაიკავეს. აქციის მონაწილეები კიდევ ერთი ღამით აპირებენ უნივერსიტეტთან დარჩენას და არჩევნების შედეგების მშვიდობიანი გზით გაპროტესტებას.
20 ნოემბრის დილას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „18-19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში, განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი“. თუმცა, მისივე თქმით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა“ [ცივი ამინდის გამო, მომოტინგეებმა ლითონის კონტეინერებში აქციის დროს გასათბობად ცეცხლი დაანთეს].
20 ნოემბერს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც „მკაცრად დაგმეს“ თსუ-ის შენობის სავარაუდო გამოყენება აქციის მონაწილეების ძალადობრივად დასაშლელად. „უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა — კარები ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების დასარბევად“.
მასალა განახლდა 20 ნოემბერს 12:30 საათზე და მასში შსს-სა და ქართველი პროფესორების განცხადებები აისახა. მასალა კვლავ განახლდება მას შემდეგ, რაც საკითხს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ან/და რექტორი ჯაბა სამუშია გამოეხმაურებიან.
დამატებითი ინფორმაციითვის, თვალი ადევნეთ ჩვენს საარჩევნო ბლოგს.
ასევე წაიკითხეთ: