თბილისში „ანტიამერიკული მთავრობის“ შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას ეხმიანებიან

Civil Georgia 2 კვირის წინ 3
თბილისში „ანტიამერიკული მთავრობის“ შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას ეხმიანებიან

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი „ანტიამერიკული მთავრობის“ შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ჩვენ მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ“. მისი თქმით, ერთადერთი დასკვნა, რისი გაკეთებაც შეიძლება, არის ის, რომ ამერიკას ჯერ კიდევ არ აქვს საბოლოო პოზიცია საქართველოზე.

მოსმენა წარმომადგენელთა პალატაში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში 21 მაისს გამართული მოსმენის დროს, კონგრესმენმა ჯო უილსონმა „ქართული ოცნება“ 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასა და „ამერიკასთან ასოცირების კრიმინალიზაციაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ „გაყარა ამერიკული კომპანიები, დაბლოკა ვაჭრობა და მინერალებზე წვდომა შუა დერეფანში და საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიყიდა“ და „არაერთხელ სწამებდა ცილს პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკის ხელმძღვანელობას“. მიესალმა რა რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს საქართველოში, მან სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ჰკითხა, რას გააკეთებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მისი ხელმძღვანელობით, რათა „ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას საქართველოს ხალხის სახელით დაეკისროს რეალური პასუხისმგებლობა“.

რუბიომ უპასუხა: „შეერთებული შტატების მიზანი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამიტომ, ამით ვიხელმძღვანელებთ და ვიკითხავთ, არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ამ მთავრობას პასუხისმგებლობა დაეკისროს“. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და რომ „ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ წარმომადგენლობას, რომ მივიღოთ რეკომენდაციები იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელზეც მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას ყველაზე მეტად ექნება რეაგირება”.

„ქართული ოცნების“ ოფიციალური პირის გამოხმაურება

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მალევე გამოეხმაურა რუბიოს განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონგრესმენ უილსონის კითხვა „სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული“.

„კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ჯო უილსონმა, რომელიც სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული, ყველა წინადადება თუ ყველა სიტყვა, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო სრულიად დეზინფორმაციული, ის აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არცერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ალბათ უნდა შევაფასოთ ის, თუ რა კონტექსტში მოხდა საქართველოს საკითხის ხსენება კონგრესის მოსმენაზე“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა და აღნიშნა, რომ ჯო უილსონის განცხადება საქართველოში არჩევნების გაყალბებისა და „ქართული ოცნების“ მთავრობის „ანტიამერიკულად“ მოხსენიების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.

„და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, ჩვენ მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა, რაზე იყო ზოგადად აქცენტები გაკეთებული…  ჩვენ რასაც ვხედავთ და რაც დღეს მოვისმინეთ, არის ის, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ არის განხილვის პროცესში – ანუ პოზიციებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს რეგიონში, მსჯელობენ და ამ საკითხზე პასუხის გასაცემად დღეს სახელმწიფო მდივანი მზად არ იყო და თქვა კიდეც, რომ მას დღეს პასუხი არ ექნებოდა, თუ როგორი შეიძლება იყოს აშშ-ის პოლიტიკა“.

რაც შეეხება მმართველი პარტიის „ანტიამერიკულად“ მოხსენიებას, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ სისტემურად ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან – როდესაც სისტემურ თანამშრომლობაზეა საუბარი და არ არსებობს არანაირი საფუძველი ამ თანამშრომლობას კითხვის ნიშნები დაუსვან“.

MEGOBARI აქტი

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გააკეთა კომენტარი MEGOBARI აქტზე, რომელიც მმართველი პარტიის ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს, და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მიმართ პოლიტიკის გადახედვისას აქტს გააუქმებს. „ამ აქტში არის ისეთი დებულებები, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ეს დეზინფორმაციული ნარატივები დაედება საფუძვლად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთან პოლიტიკის განსაზღვრას, რაც ძალიან სათუოა და იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება“, – აღნიშნა მან.

მმართველი გუნდის პოზიცია

ბოჭორიშვილის შეხედულებები „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებმაც გაიზიარეს.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მმართველ პარტიას „პროდასავლური“ უწოდა. „ჩვენი ხელისუფლება მოწადინებულია, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან და ორგანიზაციასთან ჰქონდეს თანაბარი, სწორუფლებიანი ურთიერთობა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ წარმომადგენელთა პალატის წევრის კითხვა „პროვოკაციული“ იყო, ხოლო ჯო უილსონს „საქართველოს მიმართ ზიზღითა და სიძულვილითაა გამსჭვალული“ უწოდა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა რუბოის განცხადებას „ძალიან ბუნდოვანი“ უწოდა და განაცხადა, რომ „პრემიერის ბოლო ღია წერილიც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ ჩვენ გვჭირდება სიცხადე ჩვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით, ვინაიდან გვაქვს სრული თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ გზავნილებში… შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ რა უნდა იყოს დამაბრკოლებელი ჩვენი რეალური პარტნიორობის“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია