პარტია „თავისუფლების მოედანმა“ „ქართულ ოცნება“ პარტიის ოფიციალურ რეგისტრაციაზე უარის თქმაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც საჯარო რეესტრმა მისი განაცხადი უკვე მეორედ არ მიიღო. პარტია გადაწყვეტილების უკან პოლიტიკურ მიკერძოებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ხელს უშლის მის რეგისტრაციას, რადგან აცნობიერებს, რომ ახალი პოლიტიკური ძალები მისი კორუმპირებული და რეპრესიული პოლიტიკისთვის მთავარ წინაღობას წარმოადგენენ.
„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში პარტიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი წევრები წარმატებული კარიერით, პატიოსანი პროფესიული წარსულით გამოირჩევიან და პოლიტიკურ საქმიანობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და გადამწყვეტ დროს ჩაებნენ. პარტია მხარდამჭერებს ფინანსური მხარდაჭერისკენაც მოუწოდებს, რათა „შევქმნათ პასუხისმგებლობიანი, ანგარიშვალდებული და დემოკრატიული პოლიტიკური პარტია“.
„„ოცნების“ გადაწყვეტილებები და ბიუროკრატიული ხრიკები პარტიულ გაძლიერებაში ხელს ვერ შეგვიშლის, პირიქით, კიდევ უფრო გაგვაძლიერებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ „ფეისბუქზე“ დაწერა: „ბოლოს მაინც მოუწევთ რეგისტრაცია! შემდეგი ყრილობა კიდევ უფრო საინტერესო, მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი იქნება“.
პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პოლიტიკურ პარტიად 8 მარტს ჩამოყალიბდა, პარტიის ყრილობის შემდეგ. პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაარსდა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფარგლებში იყრიდა კენჭს, განაცხადა, რომ ახლა ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა იქნება.
პარტიის ბრალდებები იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი ან/და საქმიანობის არსი არსებითად იმეორებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის „მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს”. ამასთან, ცვლილებები ნაციონალური მოძრაობის „მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას“ ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ „პარტიის საქმიანობის არსი და გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის არსის პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება“.
ასევე წაიკითხეთ: