სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავი დააკავა, სამინისტროსგან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით.
სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 333 728 ლარი გაიფლანგა. „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამედიცინო აპარატურის შესყიდვის პროცესი ისე წარმართეს, რომ ბაზრის რეალური კვლევა ფაქტობრივად არ ჩაუტარებიათ“, – განაცხადა სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის უფროსმა, ემზარ გაგნიძემ 27 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.
„ამასთანავე, შესყიდვის პროცესი იმგვარად დაორგანიზდა, რომ შესაბამისი კერძო კომპანიების გამოყენებით განხორციელებული მოჩვენებითი გარიგებებისა და ერთსა და იმავე დღეს გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მეშვეობით, სამედიცინო აპარატურის რამდენჯერმე გადაყიდვის გზით, აპარატურის საფასური ხელოვნურად გაიზარდა“, – განაცხადა მან.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.