საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააფრთხილა, რომ საქართველოში რუსეთის განვითარებადმა დახვეწილმა ჰიბრიდულმა სტრატეგიამ შესაძლოა უფრო ფართო გეოპოლიტიკური შედეგები მოუტანოს ევროპას, თუ ბლოკი დაკარგავს ქვეყანას, რომელსაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
6 აპრილს პარიზში პარტია „აღორძინების“ აქციაზე გამოსვლისას, ზურაბიშვილმა, რომელსაც შეკრებილები ტაშით შეხვდნენ, მოუწოდა ევროკავშირს გადამწყვეტად იმოქმედოს მის რიგებშში ავტორიტარული გავლენების წინააღმდეგ.
„ევროკავშირი არ უნდა შეეგუოს იმას, რომ ქვეყანა [საქართველო], რომელსაც მან ერთი წლის წინ კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, სულ რაღაც ერთ წელიწადში ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად იქცეს“, – განაცხადა მან. „ევროკავშირს უნდა შეეძლოს აჩვენოს, რომ მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, რომ მას შეუძლია ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა და შეუძლია ხმამაღლა გამოთქვას თავისი აზრი – რომ ის არ არის რამდენიმე ქვეყნის ხელში, რომლებიც უკვე ადგანან ტოტალიტარიზმისკენ მიმავალ გზას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ვიქტორ ორბანის უნგრეთი, რომელიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ევროკავშირის ძალისხმევას ბლოკავს.
ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში წარუმატებელი აღმოჩნდა და რომ რუსეთი ახლა საქართველოში „ახალ სტრატეგიას“ ცდის, რომელიც „ნაკლები ხარჯებით“ და „ნაკლები პირდაპირი თავდასხმით“ ხასიათდება.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო ამ ჰიბრიდული სტრატეგიის „საცდელი პოლიგონი“ გახდა და ამის დასტურად „დახვეწილი“ საარჩევნო მანიპულაცია და „მარიონეტული ოლიგარქი“ დაასახელა. იგი ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა, რომლის მეშვეობითაც, მისი თქმით, რუსეთმა ქართული სახელმწიფოს „თითქმის სრულ უზურპაციას“ მიაღწია.
„ეს ჰიბრიდული სტრატეგია ყველას ემუქრება. ჩვენ ახლა განვიცდით მას, როგორც საქართველოს ტრაგედიას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. „მე ბოლომდე ამ ხალხის პრეზიდენტად დავრჩები“.
მისი თქმით, საფრთხე ვრცელდება ევროპის სხვა „განვითარებად დემოკრატიებზე“, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და რუმინეთი, სადაც მან რუსეთის „მსგავს მცდელობებზე“ გაამახვილა ყურადღება.
„ეს არის გეოპოლიტიკური გამოწვევა, რადგან საქართველოს დაკარგვა (რაც არ ხდება და არც მოხდება) არ არის უმნიშვნელო. ეს არის შავი ზღვა, ეს არის კავკასია, ეს არის ევროპული სომხეთის ბედი, ეს არის გზა ცენტრალური აზიისაკენ – ეს არის რეგიონი, რომელიც ღრმად გაწუხებთ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მოუწოდა რა ევროკავშირს მტკიცედ დგომისკენ, ზურაბიშვილმა ყველა ფრონტზე დემოკრატიის დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. „ჩვენ ყველგან უნდა დავიცვათ დემოკრატია. ეს ნიშნავს, პირველ რიგში, ევროპულ ინსტიტუტებს; ეს არის ევროპული გადაიარაღება, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ასევე არის მორალური გადაიარაღება, პოლიტიკური გადაიარაღება, გადაწყვეტილების ერთად მიღების შესაძლებლობა“, – აღნიშნა მან.
გამოსვლის დასასრულს იგი მიესალმა საფრანგეთის როლის დემოკრატიის დაცვაში: „ზნეობრივი, პოლიტიკური და, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო გადაიარაღების ამ გზაზე საფრანგეთი წინა პლანზეა, როგორც ეს ყოველთვის იყო მისი ბედი. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მის გვერდით. ჩვენ ყოველთვის ვიხილავთ იმედითა და ამბიციით, რომ საფრანგეთი არის დემოკრატიის დედა და თავისუფლების სამშობლო და ასე დარჩება, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომლის წინაშეც დღეს დგახართ!”
ასევე წაიკითხეთ:
- 31/03/2025 – თბილისში გამართულ მრავალათასიან აქციაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შექმნისკენ მოუწოდებს
- 25/03/2025 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლიეტუვის პარლამენტს: საქართველო „ეგზისტენციალური გამოწვევის“ წინაშე დგას
- 20/03/2025 – სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ლიდერებს ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოზე მსჯელობისკენ მოუწოდებს
- 22/01/2025 – ზურაბიშვილი: ტრამპის მიერ აღწერილი ამერიკა სწორედ ისაა, რაც საქართველოს სჭირდება
- 19/12/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი: რუსეთი საარჩევნო ომის სტრატეგიას იყენებს
- 18/12/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა