ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას ადგილობრივი გამოხმაურებები მოყვა

Civil Georgia 2 კვირის წინ 15
ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას ადგილობრივი გამოხმაურებები მოყვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 მაისს პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

გუშინდელი დაძაბული სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მის გარშემო პოლიციის მობილიზაციის ფონზე გაიმართა. სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს ტელევიზიების გადამღები ჯგუფები კამერებით. სხდომას, რომელიც პატარა დარბაზში გაიმართა, რომელიც დაახლოებით 15 ადამიანს იტევდა, ორი დიპლომატი დაესწრო ჩეხეთისა და შვედეთის საელჩოებიდან, ასევე Amnesty International-ის წარმომადგენელი. დასასწრებად ასევე მივიდნენ სხვა დიპლომატებიც, მათ შორის გერმანიისა და აშშ-ის საელჩოებიდან, თუმცა ისინი სივრცის სიმცირის მოტივით დარბაზში არ შეუშვეს.

„სამოქალაქო საქართველო“ ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრების თაობაზე პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ.


წინააღმდეგობის პლატფორმა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით: „დღეს ,,ქართული ოცნებისათვის“ კიდევ ერთი სამარცხვინო დღეა. ის, რაც მოაწყვეს – პოლიციური თავდასხმა სასამართლოზე, არავის შეშვება, გადატანა პატარა დარბაზში – ყველაფერი ის, რაც სცადეს დღეს იმისთვის, რომ ყველაფერი დამთავრებულიყო იმითი, რაც ყველამ იცოდა უკვე წინასწარ, რომ ზურაბ ჯაფარიძე გადაეცათ წინასწარ პატიმრობაში, ეს არის სამარცხვინო იმიტომ, რომ არანაირ სამართალთან კავშირი არ აქვს, ეს არის სუფთა პოლიტიკური საქმე, რაც იმის ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე… ეს სამარცხვინოა! ეს ,,ქართული ოცნების“ უსუსურობის კიდევ ერთი ნიშანია. მათ აღარ იციან საით და სადამდე წაიყვანონ რეპრესიები. ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დღეშია და ამ რეპრესიებს მიმართავს, არის თვითონ განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს. გამძლეობა გვჭირდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს გამოტანილი განაჩენი არის „ქართული ოცნებისთვის“ გამოტანილი განაჩენი“.

ოპოზიციის ლიდერები

ნიკა გვარამია, კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი და ჯაფარიძის ერთ-ერთი ადვოკატი:   „დღეს ეს უკვე ნამეტანი იყო… არაფერი არ იქნება თუ არ დაემხო ოლიგარქია… რეჟიმი დგას მარტო დაკავებასა და შიშზე, არ არის საჭირო რაციონალური ფიქრები, პირდაპირ უნდა ვთქვათ, ოლიგარქიის დამხობა არის ამოცანა… ვიდრე ოლიგარქია იქნება, იქნება ასეთი გადაწყვეტილებები. ბიძინას უკან დასახევი გზა არ აქვს, არის უმძიმეს ჩიხში, აწი თუ უფრო მეტად გართულდება მისი მდგომარეობა და საზოგადოებისადმი რეპრესიული დამოკიდებულება, თორე არ შემსუბუქდება“.

მამუკა ხაზარაძე, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი: „სამართლიანობისა და მეგობრობის მაგალითია ზურა ჩემთვის! ჩემი მხარდაჭერა ზურას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება! თავისუფლება ჯაფარას!  თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბრძოლა ბოლომდე!“

თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი: „ჯაფარა 2012 წელს გავიცანი. მაშინ ორივე ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით, პარლამენტის წევრები გავხდით. ალბათ ორივეს გვჯეროდა რუსი ივანიშვილი ვერ მოიგებდა არჩევნებს და მე საგარეო საქმეთა სამინისტროში ვაპირებდი საქმიანობის გაგრძელებას, ზურა კი ქვეყნის ეკონომიკურ რეფორმებზე იზრუნებდა. ჰოდა აღმოვჩნდით ოპოზიციაში და დღემდე აქ ვართ. ყოველთვის ყველასგან განსხვავდებოდა, თავმდაბლობით, გულწრფელობით და კომპეტენციით. არა და სამივე როგორ აკლია ქართულ პოლიტიკას. ზუსტად ვიცი, არაფრის ეშინია და ციხიდანაც ერთადერთს იტყვის – რასაც გარეთ ამბობს, გაერთიანდით ქვეყნის გადასარჩენად. და იქნებ ახლა მაინც დაფიქრდნენ სხვები ოპოზიციაში, რომ ერთიანობაა გადარჩენის ერთადერთი გზა“.

გახარია საქართველოსთვის“:  „მხნეობას ვუსურვებთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და მის ოჯახის წევრებს. “ოცნების” ყველა პოლიტპატიმარი მალე იქნება თავისუფალი!“

“ქართული ოცნების” ოფიციალური პირები

„ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი: „რასაც ჯაფარიძე აკეთებს, რისთვის აკეთებს? აქამდე რატომ არ განახორციელა რამე ისეთი, გრანდიოზული, რომ შეწინააღმდეგებოდა ამ ხელისუფლებას, რომ რუსეთისკენ მიყავს, და რას აპირებს? არგადახდით განწყობა უნდა შექმნას, რომ რა მაგარი ბიჭია?… არ ჩანს არაფერი მსგავსი, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ეს. სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ რეაგირება მოახდინოს, ეს არის და ეს. ეს რისთვისაა გამიზნული, რომ იყვირონ, რომ ნახე, პოლიტიკოსი დააკავა ხელისუფლებამ და ნახე, როგორი დესპოტია და როგორ ექცევა პოლიტპატიმრებს“.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი: „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ზუსტად იცოდნენ, რომ არის საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც არ ასრულებ სასამართლო გადაწყვეტილებას გირაოს დაკისრების შესახებ, სასამართლო ცვლის ამ სახის აღკვეთის ღონისძიებას შედარებით უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ეს არის სამართლებრივი დანაწესი და ძალიან კარგად იცოდნენ და იციან რადიკალებმა ამის შესახებ, მაშინ როდესაც სულ ცოტა ხნის წინ, იგივე ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, ზუსტად ამ მიზეზიდან გამომდინარე მოხდა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და გირაოს ნაცვლად პატიმრობა შეეფარდა. ანუ რა მოცემულობის წინაშე ვდგავართ ჩვენ?! ეს არის სრულიად შეგნებული გადაწყვეტილება და სურვილი რადიკალებისა, დადგან რაღაც სპექტაკლი, კიდევ ერთხელ საკუთარ პატრონებს მისცენ საფუძვლები, ისაუბრონ სრულიად უსამართლო და კონტექსტიდან ამოვარდნილ თემებზე, თითქოს საქართველოში ვინმე ვინმეს დევნის და შეასაღონ საზოგადოებას, მოატყუონ საზოგადოება, თითქოს აქ არის რაიმე ფორმით ვინმეს დევნა. დევნა ნამდვილად არ არის, ეს არის კანონით არსებული დანაწესის შესრულება და თუკი ვინმეს სურს, რომ თავიდან აირიდოს მსგავსი ქმედება სამართლებრივ სახელმწიფოში, უნდა მოიქცეს სამართლებრივად“.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”: „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა – აქტივისტების პოლიტიკური მიზეზით დაპატიმრების ტენდენცია… სრულიად ახალ განზომილებაში  გადავიდა. 2025 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერს – ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძეს… რამდენიმე ხნის წინ საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში, სადაც ხოლოდ „ქართული ოცნება“ და მისი სატელიტი პოლიტიკური ორგანიზაცია „ხალხის ძალა“ არიან წარმოდგენილი, შეიქმნა ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მიზნები და ამოცანები საქართველოს ეროვნული ინტერესების კუთხით საზოგადოებაში დიდ კითხვის ნიშნებს წარმოშობს. სწორედ ამ ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე კომისიაში გამოუცხადებლობის გამო დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა არა მხოლოდ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის, არამედ რამდენიმე სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსის მიმართ, რომლებიც უახლოეს მომავალში ასევე შეიძლება იქნენ დაპატიმრებული. „ქართული ოცნების“ სტრატეგია ნათელია: მათი მიზანია ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ლიდერების გარეშე დატოვონ, რათა 2025 წლის ოქტომბრის მომავალ ადგილობრივ არჩევნებში უკონკურენტოდ დაიკავონ ადგილები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ ორგანოებში. ეს პროცესი ამ ე.წ. არჩევნებს სრულ ფარსად აქცევს”.

მასალა განახლდება…

სრულად წაიკითხეთ სტატია