სოხუმის დაცემიდან 32 წელი
გავიდა. სამხედრო
დაპირისპირება აფხაზეთში
1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
ომი 13 თვეს და 13 დღეს
გაგრძელდა.აღნიშნულთან
დაკავშირებით, სოციალურ
ქსელში, მწერალი გიორგი
კეკელიძე წიგნიდან „დედა
და ილია“ ამონარიდს
აქვეყნებს:„გზის ამბავი
#8ნინო ვარ ფანცულაია. ადრე
დღიურებს ვაკეთებდი.
გზაზეც გავაკეთე, ოღონდ
ბევრს ვერ ვწერდი. 24-ში
დავტოვეთ სოხუმი და ბებია
არ წამოგვყვა. „მოხუცი ვარ
და ხელს არავინ მახლებს,
ბავშვს მიხედეთო“.
მერხეულში შევაფარეთ თავი
ნათესავებს. ჰაერში
იგრძნობოდა სიკვდილის
სუნი. 27 სექტემბერს ამბავი
მოვიდა, უკან ვიხევთ,
სოხუმი გაყიდულიაო. 13 დღე
მოვდიოდით.დღე l - შორიდან
დავინახე სვანეთის
დაკლაკნილი აღმართი.
გარშემო უამრავი
შეშინებული თვალი, ბევრი
ნაცნობი და გაურკვევლობა.
მამა დაბრუნებას ფიქრობდა,
მაგრამ ცუდი ამბები
დაგვაწიეს. სვანები
გვმასპინძლობდნენ
ნაცნობ-უცნობებს.
აურაცხელი რაოდენობის
საკვები კეთდებოდა
უზარმაზარი თუჯის
ქვაბებში. დღეს უცნობის
სახლში გვეძინა.დღე ll -
ჭიანჭველებივით გავუყევით
გზას. გარშემო სიჩუმეა.
ბავშვებიც ჩუმად ვართ.
თვალებით ვეძებთ იმედს,
მაგრამ ერთი ადამიანიც არ
გამოჩნდა, რომელიც
გვეტყოდა: „პირიმერია“
დაიწყო, წავედით სახლშიო.
დღეს ვიღაცის ეზოში
გვეძინა.დღე lll - სიოსავით
გადაგვიქროლა ახალმა
ამბავმა: „არძინბას
უთქვამს, სვანეთის გზა უნდა
დავბომბოო“. ცოტა
ახმაურდნენ უფროსები.
ხუმრობაც დაიწყეს. ეხლა
ვხვდები, რომ ამას ჩვენთვის
აკეთებდნენ. დღეს ტყეში
მოგვიწია გათენება.
აცივდა.დღე lV - სამხედრო
მანქანამ გზა ჩახერგა.
ვერაფრით ვერ ამოიყვანეს.
სამანქანო გზა გაჩერდა.
ჩვენ გზას ვაგრძელებთ. დღეს
სვანმა გვიმასპინძლა.
ეზოში უზარმაზარ ქვაბში
წყალი, შაქარი და ჩაის
ფოთლები დუღდა. საჭმელი
მასაც შემოელია. ბევრი
გაისტუმრა.დღე V - დღეს
საღორეში გვეძინა
ბავშვებს (გოგოებს). თუ
დაგვეწევიან, ვერ
მიხვდებიან, რომ აქ
ხართო.დღე Vl - ფეხშიშველი
ახალგაზრდა ქალი მახსოვს,
საზაფხულო კაბით და დიდი
ჩანთით, რომელსაც არავის არ
აძლევდა. ჩანთით
გარდაცვლილი ბავშვი
მოჰყავდა. იქ ვერ
დაასაფლავა.
მარტოობისთვის ვერ
გაიმეტა. შეშლილ დედას
ვერავინ ეკარებოდა.დღე Vll -
თოვს. ეს მონაკვეთი ძალიან
სწრაფად უნდა გაიაროთო, ასე
გვითხრეს. ქარი იცის
საშინელი, შეიძლება თავს
ვერ უშველოთო. მივდივართ და
გზა გაყინული ადამიანების
გვამებით არის
მიმოფანტული.სიჩუმე
გოდებამ შეცვალა.დღე Vlll -
ვერტმფრენი ჩამოვარდა.
ყველა დაიღუპა. ისევ
გოდება.დღე lX - დღეს ვაშლი
მაჩუქეს. დიდი, ყვითელი,
მწიფე და ტკბილი ვაშლი. იმ
ვაშლის გემო დღესაც
მახსოვს.დღე X - დღეს მამა
ცუდად გახდა. წაიქცა და
გაითიშა. ჩემს კივილზე
ვიღაც უცნობი მოვარდა და
პირში შაქარი ჩაუყარა.
გამიცოცხლა. არც სახელი
ვიცი და არც გვარი იმ
უცნობი ადამიანის.დღე Xl -
დღეს პური ჩამოგვიყარეს
ვერტმფრენიდან. სულ ცოტაც
და სამშვიდობოს ვართ.
ვიღაცამ ამბავი მოიტანა,
რომ ბებია, რომელიც დარჩა,
თურმე დახვრიტეს.დღე Xll - ეს
ბოლო ღამე იყო ტყეში
გათენებული. წვიმდა. ხის
ძირში ვიდექით და ისე
გვეძინა.დღე Xlll - დღეს ბევრი
ნაცნობი ვნახეთ. სატვირთო
მანქანებით რიგრიგობით
ჩავყავდით. როგორც იქნა,
ერთად მოვხვდით დედა, მამა
და მე. ჭალეში მეზობლის
გოგო იყო გათხოვილი.
სოხუმის მთელმა
სამეზობლომ მასთან
მოვიყარეთ თავი. ახლა აქ
ვარ. გარეთ ცივა. აქ - არა“,-
წერს გიორგი კეკელიძე.