ვაშინგტონში, 27 სექტემბერს, კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალურ მუზეუმში აშშ-ში ქართული ასოციაციის ორგანიზებით, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბოტორიასთან და ჰარვარდის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელ პროგრამასთან პარტნიორობით 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ სოვლაბის წევრები ირაკლი ხვადაგიანი და გიორგი კანდელაკი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი სტივენ ჯონსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი და ჰარვარდის უნივერსიტეტის ფულბრაიტის მკვლევარი მალხაზ თორია. დისკუსია შეეხო აჯანყების ისტორიულ კონტექსტს, საბჭოთა ოკუპაციის გავლენას საქართველოზე და ახლანდელი გლობალური პოლიტიკისთვის აქტუალურ გაკვეთილებს. გამომსვლელებმა ასევე ისაუბრეს საბჭოთა პერიოდის ისტორიისა და მეხსიერების რუსული დეზინფორმაციის მიერ ინსტრუმენტალიზაციასა და მეხსიერების პოლიტიკის მნიშვნელობაზე დღეს.
SovLab-ის პროექტის მენეჯერმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ უკვე წლებია, რუსეთის ფედერაცია და მისი მოკავშირეები საქართველოში სტრატეგიულ მიზანს ახორციელებენ, რომ დასავლური ცივილიზაცია საფრთხედ, ხოლო რუსეთი მხსნელად წარმოაჩინონ. მან ასევე აღნიშნა, რომ „მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების დაბნევას, ძლიერ ფსონს დებს იმაზე, რომ 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყების მსგავსი მოვლენების შესახებ მეხსნიერება ან ფრაგმენტული ან მთლიანად წაშლილია კოლექტიური მეხსიერებიდან მრავალწლიანი საბჭოთა ტოტალიტარიზმის შედეგად“. მან ამგვარი მეხსნიერების აღდგენის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
პროექტზე საუბრისას SovLab-ის მკვლევარმა ირაკლი ხვადაგიანმა განაცხადა, რომ როდესაც პოლიტიკური მეხსიერება დამახინჯებულია, საზოგადოება დეზორიენტირებულია. „დღეს უკვე შეგვიძლია ზუსტად აღვადგინოთ ის, რაც ხდებოდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, როგორ იბრძოდა საზოგადოება და როგორი იყო წინააღმდეგობის მასშტაბები თავისუფლების დაკარგვამდე“, – განაცხადა მან.
ღონისძიების პარალელურად, კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალური მუზეუმის შენობაში მოეწყო SovLab-ის მიერ მომზადებული გამოფენა რომელიც ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყებისას საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ სიკვდილით დასჯილ 12 დეპუტატს, საქართველოს პირველი დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის, დამფუძნებელი კრების წევრებს მიეძღვნა. ღონისძიებას დაესწრნენ როგორც ქართული სათვისტომოს ასევე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, ანალიტიკური სფეროს, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის CNN-ის ჟურნალისტი და წამყვანი ჯილ დოროთი, ცნობილი ისტორიკოსი და ჟურნალისტი დევიდ სეტერი და აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი.