ვაიმარის სამკუთხედის (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრებმა 10 ოქტომბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი და დაგმეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებები, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდეგ ნეგატიური ტენდენცია „მხოლოდ გაუარესდა“, და მიუთითეს რეპრესიების საფრთხეზე, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ამოქმედებაზე, ანტი-ლგბტ კანონის მიღებაზე და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. მათ ასევე შეშფოთებით აღნიშნეს „ქართული ოცნების“ სულ უფრო აგრესიული რიტორიკა ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ. „ევროკავშირი არ მოითმენს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროპული პოზიციისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებაში მინისტრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, შეცვალოს თავისი ახლანდელი კურსი და აფრთხილებენ, რომ „საფრთხის ქვეშაა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მასშტაბი და სიღრმე“. მათი თქმით, ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელახლა აიღებს ვალდებულებას განახორციელოს აუცილებელი რეფორმები, რომლებიც ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ განისაზღვრა. „ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო კამპანიის შესაძლებლობას.
„ჩვენ კვლავაც ერთგულნი ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გაძლიერებისა და მხარდაჭერის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/10/2024 – სტანო: ევროკავშირი მოუწოდებს ქართველ პოლიტიკოსებს მოერიდონ უხეშ რიტორიკასა და დეზინფორმაციას ელჩის წინააღმდეგ
- 09/10/2024 – ივანიშვილის სანქცირება, ევროკავშირის თანხების გაყინვა, ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების გადახედვა – ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ
- 07/10/2024 – ჰერჩინსკი: ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ „ნაკლებად სავარაუდოა“
- 04/10/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
- 02/10/2024 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმს დაესწრო და პოლონელ კოლეგას შეხვდა
- 30/09/2024 – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანელ კოლეგას შეხვდა