ეუთო/ოდირის გადაუდებელი მოსაზრება „ქართული ოცნების“ სადავო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ

Civil Georgia 1 თვე წინ 18
ეუთო/ოდირის გადაუდებელი მოსაზრება „ქართული ოცნების“ სადავო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ოდირი) 6 მარტით დათარიღებულ გადაუდებელ მოსაზრებაში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები არ შეესაბამება საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა საერთაშორისო პაქტითა (ICCPR) და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით (ECHR) აღებულ  ვალდებულებებს.

მოსაზრება საქართველოს სახალხო დამცველის თხოვნით გამოიცა და ის „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეხება. ცვლილებები, რომლებიც „ქართული ოცნების“ პარლამენტს 3 თებერვალს წარედგინა და 6 თებერვალს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, დაჩქარებული პროცედურით, კონსულტაციების გარეშე იქნა მიღებული.

„ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების მისაღებად საჭირო იყო ინკლუზიური, ვრცელი და ეფექტური კონსულტაციები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან და ასევე ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა განსხვავებული ჯგუფებიდან“, – ნათქვამია მოსაზრებაში.

ცვლილებებმა, სხვა ზომებთან ერთად, მნიშვნელოვნად გაზარდა ჯარიმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და სხვაშეურაცხმყოფელი ქმედებებიპოლიციელის მიმართ მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; 15-დან 60 დღემდე გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა, და სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიაში მოექცა ხელისუფლების წარმომადგენლისა და საჯარო მოხელეების მიმართ თავდასხმის ან ძალადობის მუქარა. ცვლილებებით მკაცრი ჯარიმები დაწესდა პროტესტის დროს ნიღბის ტარებაზე, გზის გადაკეტვასა და პიროტექნიკის გამოყენებაზე.

გადაუდებელ მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოებს აქვთ პოზიტიური ვალდებულება პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უფლების განხორციელებას, „როგორც დემოკრატიული, ტოლერანტული და პლურალისტური საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტს“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ამ ცვლილებებიდან რამდენიმე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

მოსაზრების თანახმად, ზოგიერთი ახალი საკანონმდებლო დებულება, მათ შორის სპონტანური შეკრების დაუყონებლივ შეტყობინების მოთხოვნა, დახურულ სივრცეებში ან შენობებში შეკრების ზოგადი აკრძალვა მესაკუთრესთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე, დროებითი ნაგებობების აღმართვის აკრძალვა ან სახის ნიღბით დაფარვის აკრძალვა, ასევე მკაცრი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის სასჯელები უნდა გაუქმდეს ან მთლიანად გადაიხედოს.

მოსაზრებაში ნათქვამია, რომ „არაპროპორციული სასჯელი თავისთავად ასევე შეიძლება იყოს საკმარისი იმისათვის, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების დარღვევას წარმოადგენდეს“.

დოკუმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ცვლილებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება, როგორც სასჯელი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევის შემთხვევაში.

გარდა ამისა, მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების ოდენობა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის „მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს“, განსაკუთრებით წვრილმან დარღვევებთან მიმართებით, რათა მათ არ შექმნან მსუსხავი ეფექტი და ზიანის პროპორციული იყოს.

მოსაზრებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ახალი კანონების არაერთი დებულება ვერ აკმაყოფილებს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებით მოითხოვება. ეუთო/ოდირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ცვლილებებს, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

ეუთო/ოდირის ძირითადი რეკომენდაციები

  • „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ტერმინის „ორგანიზატორი“ განმარტება უნდა დაზუსტეს და მკაფიოდ განისაზღვროს. ამჟამინდელი განმარტება, რომელიც გულისხმობს „ნებისმიერ პირს, რომელიც ხელმძღვანელობს ან სხვაგვარად უძღვება პროცესს“ არის ზედმეტად ფართო და თვითნებური ინტერპრეტაციის საფრთხეს ქმნის;
  • „ორგანიზატორები“ ან „პასუხისმგებელი პირები“ უნდა გათავისუფლდნენ  ნებისმიერი ვალდებულებისგან, რომლებიც ხელისუფლებას აკისრია, როგორიცაა სამედიცინო დახმარების გაწევა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვა, სატრანსპორტო მოძრაობის მართვა და დანაშაულის პრევენცია. ამასთან, „ორგანიზატორებს“ არ უნდა დაეკისროთ რაიმე პასუხისმგებლობა სხვების ქმედებებზე;
  • სპონტანური შეკრებებისთვის შეტყობინების საჭიროება უნდა გაუქმდეს, ან მინიმუმ გამარტივდეს შეტყობინების პროცესი. ოდირი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებისთვის შეუტყობინებლობა არ უნდა იყოს სანქციების, დარბევის, დაპატიმრების ან ძალის გამოყენების საფუძველი;
  • მოიხსნას მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დახურულ სივრცეებსა და შენობებში შეკრებების გამართვის ზოგადი აკრძალვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს სივრცეები ჩვეულებრივ ღიაა საზოგადოებისთვის;
  • გადაიხედოს შეკრებების დროს დროებითი ნაგებობების აღმართვის აკრძალვა. ოდირი რეკომენდაციას უწევს ინდივიდუალურ შეფასებებს, რომლებიც დააბალანსებს კონკურენტ უფლებებსა და ინტერესებს;
  • გადაიხედოს და შეიცვალოს შეკრების დროს სახის ნიღბით დაფარვის აკრძალვა. აკრძალვები უნდა შეიზღუდოს კონკრეტული გარემოებებით, როგორიცაა სერიოზული ძალადობის გარდაუვალი საფრთხე ან საჭიროების შემთხვევაში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირების იდენტიფიცირება;
  • მოიხსნას აკრძალვები შეკრებებზე, რომლებიც ხელს უწყობენ „არცერთ ბიოლოგიურ სქესთან აფილიაციას, ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ გენდერთან აფილიაციას, იგივე ბიოლოგიური სქესის პიროვნებებს შორის სქესობრივ ურთიერთობებს, ან ინცესტს“. ოდირი მიიჩნევს, რომ ეს დებულებები, რომლებიც შემოღებულ იქნა საქართველოს სადავო კანონით „ოჯახური ღირებულებებისა და  არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, დისკრიმინაციული და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელია;
  • გაუქმდეს ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც სასჯელი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევისთვის, რამაც „შეიძლება უფრო ფართო მსუსხავი ეფექტი იქონიოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელებაზე“;
  • შეკრებებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, განსაკუთრებით მცირე დარღვევებზე ჯარიმების გადახედვა და არსებითად შემცირება. ამჟამინდელი ჯარიმები არაპროპორციულად განიხილება და სავარაუდოდ ხელს უშლის შეკრებებში მშვიდობიანი მონაწილეობის მიღებას;
  • უზრუნველყოს, რომ ადმინისტრაციულ პატიმრობასა და მაღალ  ჯარიმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მხოლოდ სასამართლომ მიიღოს.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია