ეუთო/ოდირის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში

Civil Georgia 3 დღის წინ 10
ეუთო/ოდირის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში

ეუთო/ოდირის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ 11 ოქტომბერს შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო გარემოს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს აფასებს. ანგარიშის თანახმად, „არჩევნები დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების, უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობის, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შფოთის ფონზე მიმდინარეობს“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანიის გზავნილები ძირითადად „უკიდურესად პოლარიზებული რიტორიკით არის გაჯერებული“. ამასთან, ოდირის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბარში პროცესში ჩართული ზოგიერთ დაინტერესებული მხარე შეშფოთებას გამოთქვამდა „დაშინების ტაქტიკის გამო, რაც სავარაუდოდ მათი საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებისა და, ასევე,  ამომრჩევლების წინააღმდეგ იყო მიმართული სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერებისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან“.

დოკუმენტის თანახმად, „სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა, როგორც მშვიდობასა და ომს შორის გასაკეთებელი არჩევანი მაშინ, როცა ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს უწოდებს“.

„ოდირის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში, პროცესში ჩართული ბევრი მხარე საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნიკური და ორგანიზაციული კომპეტენციების მიმართ ნდობის გამოხატავის მიუხედავად, ზოგიერთი დაინტერესებული მხარე შეშფოთებას გამოთქვამდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივების, ოპოზიციის მიერ არჩეული კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციის გაუქმებისა და კომისიის წევრების არჩევის ახალი მეთოდის შესახებ, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საარჩევნო კოდექსი 20-ზე მეტჯერ შეიცვალა. მართალია 2022 და 2023 წელს მიღებულ ცვლილებებს საჯარო დისკუსიები უძღოდა წინ და ოდირის რიგი რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული, ყოველისმომცველი რეფორმა ვერ  განხორციელდა. 2024 წლის ცვლილებები მნიშვნელოვანი საჯარო კონსულტაციებისა და კონსენსუსის გარეშე მიიღეს, რაც, მათი ზეგავლენის გამო, შეშფოთების მიზეზად იქცა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ოდირის რამდენიმე რეკომენდაცია კვლავაც შეუსრულებელია, „მათ შორის ის რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობას, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, საარჩევნო კამპანის წარმართვასა და დაფინანსებას, საარჩევნო კამპანიის მედიასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის ჩარჩოს გაძლიერებას შეეხება“.

ანგარიშის თანახმად, პროცესში ჩართული ზოგიერთი დაინტერესებული მხარე შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები შესაძლოა არასაკმარისი კომპეტენციის გამო ვერ გაუმკლავდნენ თითოეულ უბანზე დარეგისტრირებული ამომრჩევლების გაზრდილ რაოდენობას, რაც ბოლო არჩევნების შემდეგ გაორმაგდა, და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ტექნოლოგიას დამატებით უნდა გაეწიოს გამჭირვალე მონიტორინგი და ასევე, აუცილებელია ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდება გავრცელებული მცდარი წარმოდგენების გასაქარწყლებლად, რომ, თითქოსდა, ეს მოწყობილობები ვერ უზრუნველყოფენ ხმის მიცემის პროცედურის საიდუმლოობის დაცვას“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ანგარიშშია საუბარი ამომრჩეველთა სიებია. სადამკვირვებლო მისიასთან საუბრებში პროცესში ჩართული დაინტერესებულ მხარეებს განსაკუთრებული შეშფოთება არ გამოუქვამთ ამომრჩეველთა სიების ინკლუზიურობასთან დაკავშირებით, თუმცა „ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა სიაში კვლავაც არის უზუსტობები, რომლებიც სავარაუდოდ გამომდინარეობს სიაში გარდაცვლილი პირებისა და საზღვარგარეთ დე ფაქტო მცხოვრები მოქალაქეების არსებობით“.

დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლოებმა დაახლოებით 120 საჩივარი/სარჩელი მიიღეს ძირითადად საარჩევნო კომისიების დაბალი რანგის წევრთა დანიშვნასთან, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასა და საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევასთან დაკავშირებით. ანგარიშში ნათქვამია, რომ მისიის წარმომადგენლებთან საუბრებში პროცესში ჩართული რამდენიმე დაინტერესებული მხარე აღნიშნავდა, რომ „პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების ეფექტური და მიუკერძოებელი შესწავლისა და განხილვის თვალსაზრისით კანონის აღსრულების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია“.

რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ აკრედიტაცია მიანიჭა 68 ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას ჯამში 2 602 დამკვირვებლითა და 51 საერთაშორისო სადამკვირვებლო ჯგუფს ჯამში 512 დამკვირვებლით. ასევე აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციამ ხანგრძლივვადიანი სადამკვირვებლო ღონისძიებების განხორციელება წამოიწყო და ბევრმა მათგანმა აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, რასაც საზოგადოებაში მათი საქმიანობის სტიგმატიზება მოჰყვა, ისინი უფრო მეტი გამოწვევის წინაშე აღმოჩდნენ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქალთა წარმომადგენლობა არჩეულ თანამდებობებზე კვლავაც დაბალია და ამ კუთხით ხაზგასმუილა 2024 წლის ცვლილებები, რომლითაც სავალდებულო გენდერული კვოტები გაუქმდა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია