საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ფულის გათეთრებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავა. მას ცხრადან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მიქაუტაძე „თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად“, – ნათქვამია სუს-ის მიერ 21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. „ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი ის მათგან ენერგოკომპანიებში (ჰესებში) საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული.“
სხვადასხვა ჟურნალისტურმა გამოძიებამ მანამდე არაერთხელ გამოავლინა მიქაუტაძის ჩართულობა ელიტური კორუფციის სქემებში.