ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტიმ საქართველოს ხელისუფლებას პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურად გამოძიებისკენ, პროკურატურაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოკიდებულების შემცირებისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვისკენ მოუწოდა. მინისტრთა კომიტეტისთვის გაგზავნილ ორ წერილში მან ორი საქმე განიხილა: „ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები ეხება სიკვდილს, წამებას და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებს, ასევე იმ ქმედებების არაეფექტურ გამოძიებას, რომელთა უმეტესობაშიც სამართალდამცველებისა და ციხის თანამშრომელთა ბრალეულობა იკვეთება. 2024 წელს, ცინცაბაძის ჯგუფის საქმეთა განხილვისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების არადროული აღსრულების გამო
თავის წერილში ო’ფლაერტიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები, განსაკუთრებით საჯარო შეკრებების კონტექსტში, უნდა შეესაბამებოდეს „კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს“. 2025 წლის იანვარში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შედეგების საფუძველზე, მან აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები, როგორიცაა პროევროპული მიტინგების ძალადობრივი დარბევა, ხელისუფლების მიერ რამდენიმე ზომის მიღების აუცილებლობას ადასტურებს.
კომისარმა განაცხადა, რომ პოლიციელის იდენტიფიცირება აუცილებელია პასუხისმგებლობის გასაძლიერებლად; ასევე უნდა განხორციელდეს პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის, მათ შორის უკანონო დაკავების და ძალადობის სხვა შემთხვევების ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიება.
კომისარი გამოდის რეკომენდაციით, რომ გაძლიერდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, შემცირდეს მისი დამოკიდებულება პროკურატურაზე და მას კანონდამრღვევი პოლიციელებისთვის უფლებამოსილების შეჩერების უფლება მიეცეს.
ო’ფლაჰერტის რეკომენდაცია იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურატურას შეუერთდება.
რაც შეეხება საქმეს „მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, კომისარმა „საქართველოში არსებულ პრობლემაზე“ მიუთითა, რომელიც ადმინისტრაციული დაკავების თვითნებურ გამოყენებას, ასევე ქართულ სასამართლოებში ადმინისტრაციული დაკავების საქმეების არსებითი განხილვის არარსებობას უკავშირდება.
საქმე „მაკარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ მშვიდობიანი შეკრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2022 წელს საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა, რომლის თანახმადაც, უფლებები დაირღვა 2019 წლის 18 ნოემბერს გამართული აქციის დროს.
კომისარმა მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას:
- განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა სამოქალაქო საზოგადოებასთან, სახალხო დამცველის ოფისთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ეუთო/ოდირი, ვენეციის კომისია) „მნიშვნელოვანი კონსულტაციების“ გზით;
- გადახედოს 2024 წლის ნოემბრის შემდეგ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც არაპროპორციულად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების უფლებას, განსაკუთრებით იმ ცვლილებებს, რომლებიც ადმინისტრაციული დაკავების ვადას 60 დღემდე ზრდის;
- უზრუნველყოს დროული და დამოუკიდებელი სასამართლო განხილვა, თავიდანვე ადვოკატის ხელმისაწვდომობა, მტკიცებულებებისა და მოწმეების წარდგენის უფლება და დროული, დამოუკიდებელი სასამართლო განხილვა „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად“.