ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა

Civil Georgia 2 კვირის წინ 14
ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელს 21 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყანაში შემოსვლაზე უარი ეთქვა. ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.

ადგილობრივი მედიის მიერ ინციდენტის დადასტურებამდე გავრცელებული ინფორმაციით,  საიმონ ვანდერბრუკი, დელეგაციის გაფართოების პროგრამის ოფიცერი, იყო ის დიპლომატი, რომელიც საზღვრიდან უკან გააბრუნეს.

„ევროკავშირის წარმომადგენლობის სათანადოდ აკრედიტებული წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციას და სხვა შესაბამის ნორმებს, რომელთა დაცვის ვალდებულებაც საქართველოს აქვს“, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

„ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერბალური ნოტა გაეგზავნა. საქართველოს ხელისუფლებამ სიტყვიერი ბოდიში მოიხადა სამწუხარო ინციდენტის გამო და დაადასტურა, რომ თანამშრომელს შეუძლია თავის სამუშაო ადგილს დაუბრუნდეს“, – აცხადებს წარმომადგენლობა.

უკვე არაერთი შემთხვევა მოხდა, როდესაც აქტივისტებს, უფლებადამცველებს, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს. თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირის დიპლომატს ეთქვა უარი შემოსვლაზე და ეს იმ ფონზე მოხდა, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სულ უფრო აკრიტიკებს და უტევს დასავლელ დიპლომატებს.

„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ შემოსვლაზე უარი „ტექნიკურ ხარვეზს“ უკავშირდებოდა და რომ ეს მიზანმიმართული ქმედება არ ყოფილა.

„ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედება, იყო გარკვეული სახის შეცდომა. შესაბამისად, განემარტა, რომ ამ ადამიანს აქვს ჩვეულებრივად საქართველოში შემოსვლის და იმ დიპლომატიური პრივილეგიებით სარგებლობის უფლება, რაც ვენის კონვენციით და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით არის განსაზღვრული. ასე რომ, ინციდენტი ამოწურულია და ამაზე დამატებით საუბარი არ ღირს“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.   

შენიშვნა: მასალა განახლდა 23 მაისს, 15:25 საათზე და მას შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის კომენტარი დაემატა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია