ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა გააფრთხილა, რომ არ უნდა დამყარდეს ურთიერთობები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ნებისმიერ დიპლომატიურ დონეზე, სანამ ის არ დაიცავს დემოკრატიულ პრინციპებს. მისი თქმით, ევროკავშირმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, რომ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის დროს სანქციები დაეწესებინა.
რადიო „თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში, რომელიც 20 მაისს გამოქვეყნდა, ბუდრისმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ვერ მოახდინა გადამწყვეტი რეაგირება საქართველოს ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე, გაყალბებულ არჩევნებსა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე.
„ვფიქრობ, არაერრთხელ გავიშვით ხელიდან შესაძლებლობა უფრო მძლავრი გზავნილი გაგვეგზავნა საქართველოს ხელისუფლებისთვის მის მიერ არჩეული გზის გამო“, მათ შორის სანქციებით, განაცხადა ბუდრისმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა, საარჩევნო დარღვევები და დემონსტრაციების ძალადობრივი დარბევები. მან ხელისუფლების ქმედებები შეაფასა, როგორც „წითელი ხაზების გადაკვეთა“. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „მაშინ გავუშვით ხელიდან შესაძლებლობა. ცხადი იყო, რომ ეს გაგრძელდებოდა დაღმასვლით, დემოკრატიული თავისუფლებების სულ უფრო შეკვეცითა და შეზღუდვით და ეს შეზღუდავდა ჩვენს შესაძლებლობებსა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სივრცეს და სამწუხაროდ, სწორედ ეს ხდება“.
აღნიშნა რა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა კვლავ უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, ბუდრისმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიის აღსადგენად. „ასე რომ, ლიეტუვა იმეორებს, რომ ამ ვითარებიდან გამოსავლის საუკეთესო გზა სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და იმ ვითარებასთან დაბრუნებაა, სადაც ვიყავით. აგრეთვე, იმ კანონმდებლობის უკან გაწვევა, რომელიც ზღუდავს პოლიტიკური ოპოზიციისა და აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებებს. თუკი ეს არ მოხდება, ძალიან ცუდი მიმართულებით მივდივართ და ამაზე პასუხისმგებელი ახლა არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა მინისტრმა.
კითხვაზე, უნდა ითანამშრომლონ თუ არა ევროკავშირის ლიდერებმა, როგორიცაა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და კომისარი მარტა კოსი, „თბილისის დე-ფაქტო მთავრობასთან“, ბუდრისმა უარყო ნორმალიზაციის იდეა არსებულ პირობებში და განაცხადა, რომ „სანამ ევროპული პერსპექტივა კვლავაც ძალაშია, ჩვენ არ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და მოვახდინოთ არსებული სიტუაციის ნორმალიზება“. მან დასძინა: „ასე რომ, ვერ ვხედავ სარგებელს ამის გაგრძელებაში“.
მან ასევე განაცხადა, რომ მომავალი თანამშრომლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა „ფუნდამენტურად გადაიხედება“ და დემოკრატიული პირობები აღდგება.
„თუ ყველაფრის ხელახლა ფორმულირებას მოვახდენთ და თუ ჩვენს თანამშრომლობას განსხვავებული სტატუსი ექნება, მაშინ შესაძლოა მომავალში მსგავსი მიდგომები იყოს განხილული“, – აღნიშნა ბუდრისმა. „მაგრამ, ჯერჯერობით არსებობს საქართველოს ევროპული გზის პერსპექტივა – ჩვენ ვერ მოვახდენთ ამის რემოდელირებას, რადგანაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ევროპულ ღირებულებებზე“, – განაცხადა მან და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, დემოკრატიული ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის თავისუფლება დაასახელა. „ეს არის საბაზისო პრინციპები, რომლებიც მათ უნდა დაიცვან და თუკი ამას გვერდზე გადავდებთ, რაღა რჩება ჩვენს დღის წესრიგში?“
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 21 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ბუდრისის განცხადებას გამოეხმაურა: „ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს, ეს არის „დიფ სთეითის“ ჩვეულებრივი ქვედანაყოფი“.
ლიეტუვა ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი წევრი სახელმწიფო იყო, რომელმაც მკაცრი რეაგირება მოახდინა საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევის საპასუხოდ, ლიეტუვამ სამოგზაურო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკებს, დარბევებისა და დემოკრატიული უკუსვლის ხელშეწყობის გამო.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/04/2025 – განახლება: ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ქართველ ოფიციალურ პირებს დამატებით სანქციებს უწესებენ
- 25/03/2025 – პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლიეტუვის პარლამენტს: საქართველო „ეგზისტენციალური გამოწვევის“ წინაშე დგას
- 15/12/2024 – ლიეტუვამ კობახიძეს და 16 სხვა თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა
- 06/12/2024 – ლიეტუვის სეიმი გმობს აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას და ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
- 28/10/2024 – ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროები საქართველოს არჩევნების „თავისუფალ და სამართლიან“ ბუნებას ეჭვქვეშ აყენებენ