საქართველოს დაზვერვის სამსახური, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური სამთავრობო ორგანოს სახით ფუნქციონირებს, მალე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში გადავა და ეროვნული დაზვერვის სააგენტო დაერქმევა.
„ქართული ოცნების“ ერთპარტიულ პარლამენტს უკვე წარედგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 26 შესაბამის კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. მისი მიღება სტანდარტული პროცედურის გავლით მოხდება, ხოლო 1 ივლისისთვის ამოქმედდება.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები და ავტორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა ციცავა, ზვიად შალამბერიძე და ვიქტორ ჯაფარიძე.
საკანონმდებლო პაკეტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები „ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია“ და „რიგ შემთხვევებში ერთი და იმავე კანონისმიერი მიზნის მიღწევას ემსახურება“. განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზანშეწონილია, აღნიშნული ფუნქციებისა და ამოცანების საერთო ორგანიზაციული და საერთო მართვის სისტემის ფარგლებში მოქცევა, რაც „გაზრდის მათ ეფექტიანობას“. დოკუმენტის თანახმად, მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროკავშირისა და ნატოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, თურქეთში, კანადაში, ლიეტუვაში, საბერძნეთში, სლოვაკეთში, სლოვენიასა და ხორვატიაში.
მოქმედი კანონის თანახმად, სამსახური სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, ქვეყნის სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა. ეს ფუნქციები საკანონმდებლო პაკეტში უცვლელი რჩება.
თუმცა, ცვლილებებით, დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში ექცევა, რომელსაც ოპონენტები დიდი ხანია განიხილავენ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებთან მჭიდრო კავშირში მყოფ სტრუქტურად. დაზვერვის სამსახურის ზედამხედველობის, მათ შორის სააგენტოს ხელმძღვანელისა და მოადგილეების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემა შემაშფოთებელია მთავრობის ოპონენტების კონტროლში სუსის როლის გამო.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამჟამად ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობს, რომელმაც თანამდებობა აპრილში, „ქართული ოცნების“ მთავრობაში განხორციელებული გადაადგილებების შედეგად დაიკავა. მისი ერთ-ერთი მოადგილე ირაკლი ბერაიაა, რომელიც თავად ხელმძღვანელობს საქართველოს დაზვერვის სამსახურს 2024 წლიდან.
„რეალობაში ეს ამ უწყების გაუქმებას ნიშნავს, რადგან ქვეყნის შიგნით “კუდიანებზე მონადირეები” საგარეო დაზვერვისთვის (ანუ რეალურ საფრთხეებზე) ყურადღებასა და თანხებს არ გაიმეტებენ“, – წერს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი. „თავის დროზე, როდესაც ეს უწყება იქმნებოდა, მისი მთავარი ფუნქცია რუსეთის დაზვერვა იყო. ახლა, როდესაც ქოცები რუსების ფილიალად იქცნენ, თავისიანებს ხომ არ დაზვერავენ?!“
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ ამ ნაბიჯს პოლიტიკური უწოდა, რამდენადაც „ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, როგორც ასეთი, აღარ არსებობს – მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის უსაფრთხოება არსებობს“.
„ამისთვის სჭირდებათ მთელი რესურსების შიდა უსაფრთხოება, რათა დაიცვან რეჟიმი და არა საქართველო იმ საფრთხეებისგან, რომელიც საქართველოს აქვს და მომავალში კიდევ უფრო მეტი ექნება“, – აღნიშნა მან.
ასევე წაიკითხეთ: