გრიგოლ გეგელია: ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ფაქტობრივად მიწის მიყრაა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმზე

Primetime.ge 18 საათი წინ 2
გრიგოლ გეგელია: ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ფაქტობრივად მიწის მიყრაა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმზე
ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ფაქტობრივად მიწის მიყრაა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმზე, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ სისტემურად ესხმის თავს საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას, გამორჩეულად ემტერება საქართველოს პროდასავლურ საზოგადოებას.„ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ანგარიში ადამიანის უფლებებზე ფაქტობრივად მიწის მიყრაა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმზე, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მათხოვრობს ლეგიტიმაციაზე, მაგრამ ვერსად ვერ პოულობს მას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ნეგატიური ანგარიში, რომელიც ამბობს, რომ  „ქართული ოცნების“ რეჟიმი არის ავტოკრატიული, დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, აპატიმრებს ჟურნალისტებს,  ზღუდავს ყველა ფორმის თავისუფლებას და დევნის თავისუფალ აზრს. ანგარიშის თანახმად, „ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი დარღვევები შეიცავდა სარწმუნო ცნობებს წამებისა ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის; თვითნებური დაპატიმრებისა და დაკავების; გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების, მათ შორის ძალადობისა და მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის მუქარის, ჟურნალისტების უსამართლო დაპატიმრებებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის, და ე.წ. გამჭვირვალობისა შესახებ კანონების შემაძრწუნებელი გავლენის” შესახებ.ანგარიში აგრეთვე ამხელს სისტემურ ძალადობასა და წამებას პოლიციის მხრიდან; მასობრივი ფიზიკური ძალადობა, მიზანმიმართულად მიყენებული დაზიანებები სახისა და თვალის არეში, რაც, ციტირებას ვახდენ, „პრაქტიკულად გამორიცხავდა იმის ალბათობას, რომ პოლიცია ყოველთვის პროპორციულ ძალას იყენებდა”. არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა მოქალაქეებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, საიდანაც მრავალი მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, არ დაწყებულა შესაბამისი სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ. ეს არის ანგარიში, რომელიც რამდენჯერმე ახსენებს ე.წ. ტიტუშკებს და „ქართული ოცნების“ რეჟიმს ამხელს, როგორც ნაცრისფერ ბოროტმოქმედ კრიმინალურ სინდიკატს, ვისი ე.წ. ძალაუფლებაც ემყარება „ტიტუშკების“ ბოგინს საქართველოს ქუჩებში. ტრამპის ადმინისტრაციის პირველივე დასკვნა, რომელიც წარმოადგენს უმკაცრეს ვერდიქტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სამსჯავროზე, პირდაპირ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის რეჟიმი, რომელიც სისტემურად  ესხმის თავს საკუთარ მოქალაქეებს და ქვეყანას, თავისუფლების უკლებლივ ყველა გამოხატულებას და გამორჩეულად ემტერება საქართველოს პროდასავლურ საზოგადოებას“, – აღნიშნა გეგელიამ.როგორც გეგელია აღნიშნავს, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით ნათელი ხდება, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა ვერ დალაგდება.„ამ ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი საკვანძო რამ. პირველი, ამერიკასთან და ტრამპის ადმინისტრაციასთან ვერანაირი დალაგება ვერ მოხდა. არ არსებობს არაფერი, რაც აერთიანებს პრეზიდენტ ტრამპსა და ივანიშვილის ბოროტმოქმედ რეჟიმს! ივანიშვილი და ოცნების ქოსატყუილა ხელისუფლება არის იზოლირებული და ყველასგან მიტოვებული; მეორე, 19 ევროპელი საგარეო მინისტრის და ევროპარლამენტის ორი განცხადების გაგრძელებად, ეს ანგარიში არის იმის კიდევ ერთი დასტური, რომ არ არსებობს და არ იარსებებს ამ რეჟიმის ლეგიტიმაციის არავითარი შესაძლებლობა, თუკი არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი და არ გადაიტვირთება ეროვნული პოლიტიკური სისტემა. „ქართული ოცნება“ არის არალეგიტიმური და მოძალადე ხელისუფლება“, – განაცხადა გეგელიამ.ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
სრულად წაიკითხეთ სტატია