გერმანია „ქართულ ოცნებას“ ცრუ ნარატივებისა და ელჩზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

Civil Georgia 3 კვირის წინ 23
გერმანია „ქართულ ოცნებას“ ცრუ ნარატივებისა და ელჩზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გერმანიის ახალმა კოალიციურმა მთავრობამ მოუწოდა „ქართული ოცნების“ მთავრობას, უარი თქვას დეზინფორმაციულ კამპანიებზე, ევროკავშირის მიმართ მტრულ რიტორიკაზე, და შეწყვიტოს გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მიმართ სიტყვიერი თავდასხმები, ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით კომენტარში.

15 მაისს, ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიწოდებულ განცხადებაში, გერმანიის ფედერალურმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ „შეშფოთება“ გამოთქვა დაძაბულობის ესკალაციის გამო და მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დაიცვას ევროპული ღირებულებები და შეწყვიტოს ევროკავშირის სანდოობის შელახვა.

„გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. შეშფოთებით აღვნიშნავთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ აგრესიული რიტორიკის გაგრძელებას. გერმანიის ელჩის მიმართ თავდასხმები მიუღებელია“, – განაცხადა ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა. „გერმანია და ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ევროპული პოზიციებისა და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი ამჟამინდელი პოლიტიკური კურსი“.

დაძაბულობის გამწვავება ელჩ ფიშერის მიერ 9 მაისს „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გაკეთებულ კომენტარს უკავშირდება. ინტერვიუს დროს ფიშერმა გერმანიის შეშფოთება გამოხატა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლისა და ევროკავშირისგან ჩამოშორების გამო ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიული მმართველობა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხის გადასაწყვეტია საკუთარი ქვეყნის კურსის არჩევა, ძნელი წარმოსადგენია, რომ საქართველო ბელარუსის მსგავს სახელმწიფოდ გადაიქცევა იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა გზა გაიარა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მიენიჭა. ფიშერმა დასძინა, რომ „ქართველები თავისუფლებისმოყვარე ხალხია, რომელთაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია და სხვა ევროპელი პარტნიორები მუდმივად მოქმედებდნენ როგორც მეგობრები და არა როგორც მტრულად განწყობილი აქტორები. გერმანიის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, გერმანიაც გაუუქმებს უვიზო რეჟიმს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს. მან ასევე უარყო ბრალდება, რომ „დიფ სთეითი“ გავლენას ახდენს დასავლურ პოლიტიკაზე და განაცხადა, რომ ის არ არსებობს და რომ მას აინტერესებს მისი ნახვა, თუ ვინმე აჩვენებს.

ფიშერის განცხადების საპასუხოდ, 12 მაისს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ელჩი „დიფ სთეითის“ არსებობის განზრახ უარყოფაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ თავად ფიშერია ჩართული „ერთ-ერთ პატარა ჭანჭიკად“. ვოლსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციაც კი აღიარებს ამ სისტემის არსებობას. მან გერმანია თავის საერთაშორისო პოლიტიკაში ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში დაადანაშაულა.  

ერთი დღის შემდეგ, 13 მაისს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ფეისბუქზე“ გერმანიის მთავრობა  ე.წ. „რაიხსბიურგერების“ ჯგუფის აკრძალვაში დაადანაშაულა „იმ საფუძვლით, რომ ისინი ‘არ აღიარებენ გერმანიის არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას’, ‘ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს’, ‘ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს’, ‘ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში’, ‘ამტკიცებენ, რომ გერმანია ოკუპანტი ძალის მიერ იმართება’“. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოში „გერმანიის ხელისუფლება აფინანსებს იმ ჯგუფებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ საქართველო ოკუპანტი ძალის მიერ იმართება“. „ეს ხდება ერთ დროს და ერთ პლანეტაზე“, – დასძინა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბერლინიდან წამოსული რეაქცია იყო „ძალიან მკაცრი“ გზავნილი გერმანიის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან.

„დღეს მოვისმინეთ ძალიან მკაცრი რეაქცია ახალი გერმანული ადმინისტრაციისგან, იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ იმას, რომ თავიანთი ელჩი, რომელიც წარმოადგენს გერმანიის პოლიტიკას ამ ქვეყანაში, შეურაცხყოფილი იქნა ამ ხელისუფლების მიერ. ეს თავდასხმები გერმანიაზე, უშუალოდ როგორც ქვეყანასა და მის წარმომადგენელზე, თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე და სხვა თავდასხმები, სრულიად მიუღებელია. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩვენს იზოლაციას, რომელიც როგორ ჩანს ამ ხელისუფლების მიზანია“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გერმანიის ელჩს შეუტია. 2025 წლის 25 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფიშერი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს, მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში“. კობახიძემ განაცხადა, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა მას შემდეგ აღდგება, რაც გერმანიაში ახალი კადრები დაინიშნებიან.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია