გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ხელისუფლებას შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვისკენ მოუწოდებს

Civil Georgia 3 კვირის წინ 25
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ხელისუფლებას შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვისკენ მოუწოდებს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა  ვოლკერ თურკმა 2 დეკემბერს საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვისა და პატივისცემისკენ მოუწოდა, რომელთა  „განხორციელებას ზიანი მიადგა ოთხი ღამის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას ზეძალადობის, პოლიციის მხრიდან არაპროპორციული, ზოგ შემთხვევაში კი სრულიად     არასაჭირო  ძალის გამოყენებით დაშლის გამო საქართველოს დედაქალაქ თბილისში“.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელებმა გადაჭარბებული ძალა, წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ქიმიური გამღიზიანებლები გამოიყენეს აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. დაკავებულთა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის არაერთი დოკუმენტირებული ინფორმაცია არსებობს. ათობით ჟურნალისტს არაიდენტიფიცირებული პირები დევნიდნენ და სცემდნენ.

„დემონსტრანტების და მასმედიის წარმომადგენლების მიმართ არასაჭირო ან არაპროპორციული ძალის გამოყენება  უკიდურესად შემაშფოთებელია,“-განაცხადა თურქმა. „ყველა ქართველს, ნებისმიერი პოლიტიკური სპექტრიდან უნდა შეეძლოს, საკუთარი ქვეყნის მომავალზე, თავისი შეხედულების თავისუფლად და მშვიდობიანად გამოხატვა.“

უმაღლესმა კომისარმა ასევე მოუწოდა მომიტინგეებს მშვიდობიანად გამოხატონ თავისი შეხედულებები.  „ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც სამართალდარღვევაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე გამოძიებული უნდა იქნას  დაკავებულებთა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული ბრალდებები,“ –       განაცხადა უმაღლესმა კომისარმა. 

თუმცა, დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელების და სხვა პოლიციელების ფორმებზე ინდივიდუალური  საიდენტიფიკაციო ნომრების ან სახელების არარსებობა, ფაქტიურად, დამნაშავეების იდენტიფიცირებას შეუძლებელს ხდის.

„ეს შემთხვევები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ უნდა გადაიჭრას დიდი ხნის განმავლობაში არსებული შემაშფოთებელი საკითხი, რომელიც ეხება სამართალდამცავების  ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დადგენას საქართველოში“, – აღნიშნა უმაღლესმა კომისარმა. 

შსს-ს ბოლო განცხადებით, 28 ნოემბრის საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე დაკავებულია 224 ადამიანი. მათ უმეტესობას წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობა ედება ბრალად.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ცნობები, რომ დაკავებულთა შორის რამდენიმე ბავშვია. მათი ყველა უფლება სრულად უნდა იქნას დაცული“, – განაცხადა კომისარმა.

,,გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ლეგიტიმური გამოყენების გამო დაკავებული ყველა პირი დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს,”- განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა. „იმ პირებისთვის, ვისაც სხვა ბრალდებები აქვთ წაყენებული, გარანტირებული უნდა იქნას ყველა ისეთი უფლებით სარგებლობა, როგორიცაა: სამართლიანი სასამართლო, უდანაშაულობის პრეზუმფცია, ადვოკატის მომსახურება, აგრეთვე წინასწარი პატიმრობის კანონიერების გასაჩივრების უფლება და,საჭიროების შემთხვევაში, სათანადო სამედიცინო მომსახურება“.

„საზოგადოების ყველა სეგმენტს მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი გარემო შეინარჩუნონ და ნებისმიერი უთანხმოება  გამჭვირვალე და ინკლუზიური დიალოგის მეშვეობით გადაჭრან; ამასთან, გამოიყენონ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სამართლებრივი პროცედურები,“ – განაცხადა უმაღლესმა კომისარმა.

სრულად წაიკითხეთ სტატია