დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრმა დევიდ ლამმიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან, „მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა“.
განცხადებაში ლამმიმ დაგმო „საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შოკისმომგვრელი სცენები“ და განაცხადა, რომ ეს „მიუღებელია და უნდა შეწყდეს“.
„მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ლამმიმ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები „ლახავს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას ევროპული მომავლის მიმართ“.
„გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდით დგომას და მხარს უჭერს მათ უფლებას აირჩიონ საკუთარი ქვეყნის მომავალი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 01/11/2024 – საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საერთაშორისო გამოხმაურებები მოყვა
- 05/11/2024 – მეთიუ მილერი: აშშ არ მოერიდება დამატებითი ზომების მიღებას
- 07/12/2024 – ევროკომისიის ანგარიში: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების თავიდან ასაცილებლად გადაუდებელი ნაბიჯებია საჭირო