ბადრი ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობის გამო 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა

Civil Georgia 2 კვირის წინ 18
ბადრი ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობის გამო 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ 5 აპრილს ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს 50 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობის გამო. ჯაფარიძეს 50 დღის ვადა აქვს გირაოს გადასახდელად.

იგივე მიზეზით დაეკისრა გირაო „ლელოს“ კიდევ ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიას, რომელსაც თავდაპირველად 2003 წლიდან 2012 წლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სავარაუდო სისტემური დანაშაულების გამოძიება ევალებოდა, მანდატი გაუფართოვდა და ის ახლა დღემდე არსებულ პერიოდს მოიცავს.

კომისიამ 2 აპრილს ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ სამი ლიდერი – ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე დაიბარა. თუმცა, არცერთი მათგანი არ გამოცხადებულა.

„ქართული ოცნება“ გეგმავს თავისი საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშის ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში წარუდგინოს და, ანგარიშის საფუძველზე, აკრძალოს ნაციონალური მოძრაობა და მისი „მემკვიდრე პარტიები“,  რომელთა შორის მთავარი პროევროპული ოპოზიციური ძალები მოიაზრება.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია