აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა

Civil Georgia 2 კვირის წინ 13
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა დატოვა

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გაავრცელა განცხადება.

„ვრჩები ,,ქართული ოცნების”ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული  ვარ არაერთი დიდი გამარჯვება გველის წინ!“, – დაწერა რიჟვაძემ „ფეისბუქზე“.

რიჟვაძე აჭარის მთავრობას 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. მას ხშირად აკრიტიკებდნენ, მათ შორის 2021 წლის 25 ნოემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით, როდესაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა მისი გადადგომა მოითხოვეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ბრალდებები, რომ მისმა მამამ ასლან აბაშიძის დროინდელ ორ სამართალდამცველს ნაციონალური მოძრაობიდან ბათუმის საკრებულოს წევრის მოსყიდვა და მასზე ზეწოლა დაავალა. ბრალდებებს თბილისსა და ბათუმში პროტესტი მოყვა მისი გადადგომის მოთხოვნით.

მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრალდებებს „აბსურდული“ უწოდა, რიჟვაძეს გამოექომაგა და მას ეფექტური მენეჯერი უწოდა.  

2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რიჟვაძე კრიტიკის ობიექტი გახდა, რადგან ვერ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში. „ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს“, – განაცხადა მან.

2023 წელს, აჭარის უმაღლეს საბჭოსთვის მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, რიჟვაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა. მისმა განცხადებებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია ოპოზიციის ლიდერების, კრიტიკული მედია საშუალებების და ყოფილი სამხედრო ოფიცრების მხრიდან, რომლებმაც მისი გადადგომა და საჯარო ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

„ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციებს გამართავს, განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, შეხვედრა უმოკლეს ვადაში გაიმართება. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს“, – აღნიშნა მან.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ უმაღლესი საბჭო 2 კვირის ვადაში არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 2 კვირის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობა, რომლის დამტკიცებასაც კენჭი ეყრება 2 კვირის ვადაში“, – განაცხადა გაბაიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია