აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა 19 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სახდეპი „განაგრძობს სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებს“ საქართველოსთან დაკავშირებით.
„ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს… ამ გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე შევაჩერეთ დახმარება. ამრიგად, ვერ ვიტყოდი, რომ გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა. ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები ამ გადახედვის შედეგად და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ”, – განაცხადა მილერმა.
მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, შეერთებულმა შტატებმა აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა რუსული ტიპის უცხოელი აგენტების შესახებ კანონი მიიღო, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად.
მას შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ათობით ქართველ ოფიციალურ პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა; სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ოთხ ქართველს, მათ შორის შსს-ს ორ მაღალჩინოსანს, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე არიან პასუხისმგებელნი; შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობას 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუწყვიტა; ხოლო სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე მოამზადა სანქციების პაკეტი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ოქტომბერში საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, შეერთებული შტატები, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არჩევნების სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.
ორი კანონპროექტი, ქართველი ხალხის აქტი (GPA), რომელიც აშშ-ის სენატშია ინიცირებული, და MEGOBARI აქტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატაშია ინიცირებული, სანქციებს ითვალისწინებს იმ ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე არიან პასუხისმგებელნი.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/10/2024 – „ქართველი ხალხის აქტის“ მხარდამჭერებს კიდევ 10 სენატორი უერთდება
- 06/09/2024 – სენატორი შაჰინი: „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ საქართველოში დიქტატურა იყოს და არა დემოკრატია
- 12/07/2024 – ინტერვიუ | უზრა ზეია, სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე
- 24/05/2024 – „ქართული ოცნება“ აშშ-ს „შანტაჟში“ ადანაშაულებს და შეზღუდვების მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს