აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, ირაკლი კობახიძე შსს-ს მაღალჩინოსნებს აჯილდოებს და კომპენსაციებს პირდება

Civil Georgia 2 დღის წინ 4
აშშ-ის სანქციების საპასუხოდ, ირაკლი კობახიძე შსს-ს მაღალჩინოსნებს აჯილდოებს და კომპენსაციებს პირდება

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამდებობის პირი ღირსების ორდენზე იქნება წარდგენილი. კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი სანქციებიდან, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას“. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძეს, მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციისა და მომიტინგეების სასტიკი დარბევის გამო.

კობახიძემ განაცხადა: „ესენი გახლავთ: ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი; შალვა ბედოიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე; ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; გიორგი ბუთხუზი – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; იოსებ ჭელიძე – ასევე მინისტრის მოადგილე; თეიმურაზ კუპატაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; ვაჟა სირაძე – შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი; ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი; მილერი ლაგაზაური – ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და მირზა კეზევაძე – ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე“.

შეერთებულმა შტატებმა ამ სიიდან დღემდე სანქციები დაუწესა სულ მცირე ოთხ პირს: ვახტანგ გომელაურს, ზვიად ხარაზიშვილს, მირზა კეზევაძეს და მილერი ლაგაზაურს.

ბრიფინგზე კობახიძემ ასევე ისაუბრა ხელისუფლების პოზიციაზე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით, რასაც წინ უძღოდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს მოულოდნელი განცხადება, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კანონში ცვლილებების შეტანის პირობა დადო. კობახიძემ განაცხადა: „თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხზე მსჯელობისთვის“. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ღიაა დიალოგოსთვის, მათ შორის ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხზე.

ალან ბერსეს ვიზიტის შეფასება

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოში ალან ბერსეს ვიზიტის მნიშვნელობას და მას ქვეყნისა და ხალხისადმი მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოხატულება უწოდა.   

„ჩვენ განვუმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანს საქართველოში არსებული ვითარება, ის, რომ ბოლო პერიოდში მიტინგებმა მიიღო მშვიდობიანი ხასიათი, აქედან გამომდინარე, აღარ არის საპოლიციო ძალის გამოყენების საჭიროება და დარწმუნებული ვართ, რომ ასე გაგრძელდება ვითარება შემდეგი დღეების და კვირების განმავლობაშიც. ასევე განმარტებები გავაკეთეთ ადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ძირითადად ძალადობრივი აქტების გამო ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა. განვმარტეთ, რომ საქართველოში ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ეს არ ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან წინასწარ პატიმრობაში. ასეთია დაახლოებით 30 პატიმარი“.

კომენტარები ოპოზიციაზე, „დიფ სთეითსა“ და აშშ-ის „დეოლიგარქიზაციაზე“

ქართული ოპოზიციის შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ, კობახიძემ ოთხ ოპოზიციურ ძალას „მეორადი ძალები“ უწოდა და განაცხადა, რომ ურჩევნია „მათ პატრონებთან“ გამართოს დიალოგი, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა „პატრონებში“. შსს-ს მაღალჩინოსნების დასანქცირების შესახებ აშშ-ის განცხადების კონტექსტში, მან ასევე ახსენა შეთქმულების თეორია „ე.წ. დიფ სთეითის“ შესახებ, რომელიც, მისი თქმით, „არსებით გავლენას ახდენს მართვაზე აშშ-ში“.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ თვის ბოლოდან ვითარება შეიცვლება. ეს მარტივი არ იქნება. რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპისთვისაც არ იქნება ადვილი „დიფ სთეითის“ დამარცხება. თუ ის შეძლებს „დიფ სთეითის“ დამარცხებას, შეიძლება, დიალოგი აღარც გახდეს საჭირო და მარტივად აღდგება სამართლიანობა. შევხედოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „აშშ-ს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და ამაში ჩვენ გვაქვს სრული თანხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან. ისიც მიიჩნევს, რომ აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება არაფორმალური გავლენებისგან“.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია