რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო 31 იანვარს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვია და რეგიონის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელს, ვალერი ბგანბას შეხვდა. ვრცელდება ხმები, რომ კირიენკო ოკუპირებულ რეგიონში მოსკოვის ახალი კურატორი იქნება.
სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონში „რუსეთის ელჩიც“ ესწრებოდა, ბგანბამ და კირიენკომ „შემდგომ თანამშრომლობასა და აფხაზურ-რუსულ პარტნიორობაზე“ ისაუბრეს. რუსეთის ოფიციალური პირი ასევე შეხვდა „პარლამენტის თავმჯდომარეს“ ლაშა აშუბას.
მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციაში ამაზე არაფერია ნათქვამი, არსებობს მინიშნებები, რომ კირიენკო ასევე შეხვდა მოსკოვის ფავორიტ კანდიდატს 15 თებერვლის ვადამდელ „საპრეზიდენტო არჩევნებზე” ბადრა გუნბას. ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ, „ვიცე-პრეზიდენტმა“ გუნბამ მცირე ხნით იმსახურა ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად, სანამ მომავალ „არჩევნებში“ მონაწილეობის მისაღებად თანამდებობას დატოვებდა. ოკუპირებული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისადმი „პრეზიდენტობის“ ერთ-ერთი კანდიდატის, ადგურ არძინბას წერილში ნათქვამია, რომ გუნბა რუს ჩინოვნიკს სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის „საკოორდინაციო შტაბის უფროსის“ რანგში შეხვდა. ავტორი აღნიშნავს, რომ ეს თანამდებობა გუნბას „ვიცე-პრეზიდენტობის“ უფლებამოსილებებში შედიოდა და, შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მან თანამდებობა დატოვა „საპრეზიდენტო“ კამპანიაში მონაწილეობისთვის, იგი ვეღარ გააგრძელებს საკოორდინაციო შტაბის უფროსის მოვალეობების შესრულებას, რადგან ეს „არათანაბარ პირობებს“ უქმნის სხვა პრეტენდენტებს.
ვიზიტი რეგიონში პოლიტიკურად გარდამავალ პერიოდს დაემთხვა, რომელიც ნოემბერში დე ფაქტო ლიდერის თანამდებობიდან ასლან ბჟანიას გადადგომას უკავშირდება. ბჟანიას გადადგომას წინ უძღოდა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები სადავო საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც რუსული ინვესტიციების, ასევე მიწისა და ქონების საკუთრების დაკანონებას ითვალისწინებდა. ოპონენტები მას „აფხაზეთის სუვერენიტეტისადმი“ საფრთხედ მიიჩნევდნენ.
კრიზისმა პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც დემონსტრანტებმა 15 ნოემბერს „პარლამენტის“ შენობა დაიკავეს, რასაც მოლაპარაკებები და საბოლოოდ ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ხმების მიუხედავად, კირიენკოს აფხაზეთში კრემლის ახალ კურატორად დანიშვნის ოფიციალური დადასტურება ჯერ არ გაკეთებულა. 2022 წლიდან მოსკოვის კურატორად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ალექსანდრე ნოვაკი მსახურობდა.
ასევე წაიკითხეთ: