არასამთავრობოები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქციების დარბევის საქმეების გამოძიებაზე ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ

Civil Georgia 1 კვირა წინ 11
არასამთავრობოები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქციების დარბევის საქმეების გამოძიებაზე ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გაასაჯაროოს 2024 წლის აპრილსა და მაისში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დარბევასთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების შესახებ ინფორმაცია. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ წარსულში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის საფუძვლით სამართალდამცავთა მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავებების „მავნე პრაქტიკა“ და მათზე, სწორედ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის მიერ „არაეფექტიანი გამოძიებები“,  ეჭვს ბადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცოტა ხნის წინ დაანონსებული „ტერიტორიული ჯგუფები“ შესაძლოა „კვლავ მოგვევლინონ ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების განეიტრალების მექანიზმად“.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის აპრილ-მაისის თვეში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი. განცახდების თანახმად, სამართალდამცავებმა სცემეს აქციაზე მყოფ პირებს, მათ შორის, ქალებს, ბავშვებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ამასთან განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ დაკავებებისას.

გამოიკვეთა დაკავების დროს არასათანადო მოპყრობის ფაქტები. „აღსანიშნავია, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას, უმეტესად, ჰქონდა ანგარიშსწორების სახე და არ უკავშირდებოდა უკანონო წინააღმდეგობის ან სამართალდარღვევის აღკვეთას. ზოგიერთ შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ძალის გადამეტების იმდენად მძიმე მეთოდები გამოიყენეს, რომ რამდენიმე დაკავებულს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა  და გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც, სახალხო დამცველის განცხადებით, აქციაზე დაკავებული მოქალაქეების (200-ზე მეტი პირი) ნახევარზე მეტი მიუთითებს სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, რაც დასტურდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციითაც.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად სსო-ებისა და საქართველოს სახალხო დამცველის მოწოდებისა, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოეძია აღნიშნული საქმეები, ამ დრომდე არც ერთი დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირის გამოვლენისა და ბრალდების შესახებ არც სამსახურს და არც პროკურატურას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ასევე, უცნობია, შეუჩერდა თუ არა რომელიმე სამართალდამცავს უფლებამოსილება გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში.

ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „სამსახურის მიერ 2023 წლის 7-9 მარტის და 2024 აპრილ – მაისის აქციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე წარმოებული გამოძიება ამ ეტაპისთვის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება შეფასდეს, როგორც ფორმალური და შედეგის თვალსაზრისით, ფიქციური“. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ „სამსახური ზემოთ ხსნებული მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოების წინაშე არ გრძნობს ანგარიშვალდებულებას და არ წარუდგენს მას ჯეროვან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე“.

ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის აპრილ-მაისის აქციების დარბევაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე წარმოებული გამოძიების არაეფექტიანობა პირდაპირ კავშირშია, მათ შორის, სააარჩევნო დღეს უსაფრთხოების დაცვასთან. „არჩევნებში მონაწილე ყველა პირი, მათ შორის კანდიდატები, საარჩევნო პერსონალი და ამომრჩეველი, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მათი მონაწილეობის შედეგად, ისინი არ იქნებიან სამიზნე მუქარისა ან დაშინების“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ კონტექსტში, განცხადებაში აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანება „ტერიტორიული ჯგუფების“ შექმნის შესახებ, რომელთა მიზანიც არჩევნების დროს სამართალდარღვევების გამოვლენა და აღკვეთა იქნება.  

„ვინაიდან, ბრძანების თანახმად, ამ პროცესში ჩართულ პირებს შორის იმ უწყების თანამშრომლებიც იქნებიან, ვისაც აქციების მართვის ოპერაციების ჩატარება ევალებათ, არსებითია მათში შემავალი ადამიანები თავადვე არ იყვნენ კანონდამრღვევი პირები“, – აცხადებენ ორგანიზაციები და პროცესში აშშ-ის მიერ სანქცირებული, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ხარაზიშვილის ჩართვის გამო შეშფოთებას გამოხატავენ.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • საზოგადოებას მიაწოდოს ჯეროვანი ინფორმაცია 2024 წლის აპრილ-მაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით;
  • საზოგადოებას აცნობოს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების გამოკითხვა, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელისა, და მისი მოადგილის. 

განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, უფლებები საქართველო, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია